Just another WordPress.com site

სიწყნარის დაკანონება” — 2003 წელი. (ლექსების კრებული, ციკლიდან-“ახალი ქართული პოეზია”. კავკასიური სახლი

გიორგი ბუნდოვანი

დავიბადე საკმაოდ ბუნდოვან პერიოდში _ 1969 წელს. 12 აპრილს გაგარინთან ერთად გავფრინდი კოსმოსში და იქ დავწერე პირველი ლექსი.
საშუალოს წლებში დავიწყე ფიქრი ღმერთისა და ხელოვნების იგივეობაზე. ინსტიტუტის წლებში მეგობარ პოეტებთან ერთად ჩამოვაყალიბე პოეზიის ორდენი `ქრონოფაგები~. შემდგომ გადავვარდით ანომალიაში, როგორც უკიდურესობაში _ ქაოსური და მეტამორფოზული ძალისხმევით. რეგულარულად ვიბეჭდებოდი მათთან ერთად იმდროინდელ ლიტერატურულ პერიოდიკაში, ვმონაწილეობდი და თანაავტორი ვიყავი უამრავი პოეტური საღამოსი, აქციისა და საგამოფენო პოეზიის. ვიყავი კორობლიოვას პირადი დირექტორი და არტისტი. ბევრი მულტიმედია პროექტის თანამონაწილე და ორგანიზატორი. რომ არა კავკასიური მეტამორფოზა _ ამ წიგნს ვერ იხილავდით, მანამდეც არ მქონია ამის სიამოვნება.
დაბოლოს _ დჰარმა ეს არაა ჰობი, ეს გარდუვალობაა!

გ. ბუნდოვანი

ღაღადისი

მაჩუქეთ ღმერთი, დამწყვდეული ამ ხატებს მიღმა,
მაჩუქეთ ხათრი, სათნოება, ჩუმი სიმშვიდე…
მასწავლეთ ფიქრის შეჩერება, გაუცხოება,
მიჩვენეთ ის გზა, თქვენ რომელსაც მუდმივად ეძებთ,
ვერსად პოულობთ, როცა ებრძვით განმარტოებას!

გააღეთ კარი, შემოგინგრევთ შტურმით სარკმელებს,
მიბოძეთ აღთქმა, ვით მირონი ცინცხალი რწმენის…
მიმიღეთ, როგორც დაკარგული უმანკოება _
მე ვარ ამბოხი, თქვენ რომელსაც ნიადაგ დევნით!

მესროლეთ, როცა ღამღამობით დავკეცავ აფრებს,
როცა არსენალს შევინახავ გულის სიღმეში.
მომაძებნინეთ, რომელ ფრთის ქვეშ დავიდო ბინა,
რომელ დამცველებს ვეთაყვანო ციკლურ სივრცეში!

მიმყევით მასთან, ვინც სისხლიდან გამოხდის ღვინოს,
ვინც წყალს ამრიტად გადააქცევს ერთი შეხებით,
მიმყევით მასთან, ვინც სამყაროს თავიდან შეჰქმნის,
ვინც ოკეანეს გადალახავს ოქროს ფეხებით!

სიწყნარის დაკანონება

გაცვეთილ გრძნობებს მოიბეზრებს ზანტი გონება,
მეხსიერება ვერ დაიტევს ათასგვარ ფაქტებს…
გაჩნდება მუხტი, რომლიდანაც იფეთქებს ელვა,
ვით ჩვენი ღელვა, სამყაროთა რღვევა მოხდება,
აზრთა სტიქია, ვით მეწყერი _ ტბორავს და ანგრევს!
უხამსი სიტყვა, ის პირველად არ იყო, თუმცა
არც მზის ანთებით პირველადი არ იყო დილა,
მე არ მაწუხებს დასაბამის ზუსტი ქრონიკა,
მე შენს სხეულში განვვითარდი, იქ, სადაც თბილა,
და სადაც მუხლი ეგოცენტრიზმს რწმენამ მოდრიკა.
მრავალჯერ მითქვამს უბგერებოდ _ სიჩუმის აღთქმა,
და დამიდვია ღვთის წინაშე სიწყნარის ფიცი,
რადგანაც ვიცი ძნელი არის კავშირის გაბმა,
რადგანად ვხვდებდი, გადაღლისგან ვივიწყებ სიცილს!
მომანდეთ თქვენი უდრტვინველი წადილი სულის,
მე გაგიფანტავთ მოზვავებულ მრავალ სურვილებს…
არ არის რთული, არც იოლი იპოვო კვალი,
კვალი, რომელიც ხუთ საწამლავს მიზნებს უწბილებს!
გახედნეთ თავი, მეც თქვენსავით ვისერავ ტერფებს,
მოთოკეთ ვნება, რომ მოგბაძოთ, კვლავ, დღენიადაგ
მასწავლეთ რამე, მისახსოვრეთ წამები მშვიდი,
რომ ერთმანეთში შევამჩნიოთ განცდები დიდი,
განცდები, რაშიც მარტოობა საზღვარს მიადგა!
ვარდივით გავშლი ქვეცნობიერ უამრავ სქემას,
მტრედივით ვაფრენ უანგაროდ _ დალოცვას ღმერთის!..
ყველა არსების თავისთავად, ერთეულ ხედვას,
მათივე კარმა გარდაუვლად, მუდმივად ერთვის!

მასწავლეთ სუნთქვა!

მაცალეთ სუნთქვა, ეს ჰაერი არ მყოფნის მაინც,
მომეცით ხელი, ანდა თუნდაც გამომიწოდეთ…
სად ქრება ღმერთი, რომელ ციურ კასკადებს მიღმა,
სად უპასუხოდ იკარგება შემოვედრება?!

ვიკადრო თქვენთვის პირობითი პატიოსნება,
როცა სახეზე გაწერიათ ისევ ცინიზმი.
ვიტვირთო თქვენი ჩადენილი მძიმე ცოდვები:
_ სხვების მაგივრად დამემართოს ქენჯნის ბოდვები!

ტოვებთ სხეულებს, ვით შავ ლაქებს სამყაროს გულში,
აძლევთ იმედებს, მათ, ვისთვისაც არ კვდება რწმენა…
როცა გიყურებთ, მე მაციებს და ყურთასმენას
ხეთქავს გრიგალი, მოვარდნილი, უმსგავსოების!..

აღარ მწამს ნდობის, პატიების, განმარტოების,
რომელსაც ვიცი, უპირობოდ შემომთავაზებთ,
მე კი გაგიღებთ ჩაჟანგებულ სულის დარაბებს
ნაცვლად ვიღაცის უმეცრების, ან სათნოების.

დაუშვით ჩემთვის არსებობის პირადი საშვი,
ჩამჭიდეთ ხელი, თუნდაც მხარში ამომიდექით…
ჯართის თავლაში იბადება ღვთიური ბავშვი,
ღვთიური ნების შეუცნობელ ძალის მიხედვით!

მასწავლეთ სუნთქვა, მაპოვნინეთ სამშობლოს ხიბლი,
მინდა დავთრგუნო უსასრულო ამპარტავნება.
ვატარო ნებით საშინელი გადაგვარება
და არ მჯეროდეს უსაფუძვლოდ ნათელი იღბლის!

ნუ მიხშობთ აზრებს, რომ მიჩნდება სანაცვლოდ _ სიტყვის,
მე ვდგავარ ქარში და წვიმებში, ვალმოუხდელი…
ნუ მიჭრით ნერვებს, ნეირონებს, უსისხლო ძარღვებს,
მინდა მეორედ დავიბადო _ გამოუცდელი!

განსჯის რიტუალი!

ყანწების დაცლას მირჩევნია მსხვრევა ჭიქების,
თქვენს სადღეგრძელოს ვერ ვღებულობ, გული მერევა,
არ მწამს გაცემის, მითუმეტეს სხვისგან მიღების…
სიმშვიდის შანსი, რაც დრო გადის _ ვეღარ მეძლევა!

ვარ ვინმეს წამი, სიგიჟიდან გამოპარული,
დავლეწავ ნერვებს სამსხვერპლოზე უმანკოების,
ვარ ვინმეს წუთი _ უდროობის ქსელში ჩართული,
უარმყოფელი ილუზორულ, უხეშ ფორმების!

მაღლიდან ვამჩნევ დედამიწის შემოღამებას,
ჩრდილების ჯარში ამოვიცნობ განაჩენს ღმერთის…
სულში ჩავიკლავ უსუსურ და თაღლით არსებას,
თანაც ვისწავლი შავისაგან გარჩევას თეთრის!

მიყვარს სილაღე და გაფრენა სურვილთა ცაში _
მიჭირს დადგენა დიაგნოზის _ ფიქრში მასების…
ნაბიჯებს, როგორც გულისფეთქვას, გრუხუნით მარშის
მივყვები იქით, სადაც ხდება ახსნა განგების!

თბილი სიტყვების ფორმალიზმი მაწვება ყელში,
მახრჩობს სარკაზმის ვირუსული, მშრალი ხველება…
არ მჯერა დღემდე კონфორმიზმის სხვებშიც და ჩემში
ნერვების წყვეტა იმატებს და აღარ შეწყდება!

გთხოვ, ამომიცნო

დამიმახსოვრე, მე ყოველდღე გარეკანს ვიცვლი,
ვიცვლი ხასიათს და განწყობებს, ვითარცა წინდებს…
შენს ნაკვალევზე, ვით საზღვარზე, სიფრთხილით ვივლი,
შეურიგებლად დავისახავ ათასგვარ მიზნებს!

გთხოვ შეეცადო, გაიმეტო უვადო განცდა,
უზომო ტკივილს ჩავანაცვლებ გამჭოლი მზერით…
გთხოვ შეაერთო, თუკი ისევ ჩვენს შორის გაწყდა,
ყველა კავშირი, მწვერვალების სუსხი და მტვერი!

გათოშილ ხელებს გამოგიწვდი, როდესაც ვიგრძნობ
სამყაროს თაღზე, ატომივით, შენს აფეთქებას…
ყველა ღმერთებში უშეცდომოდ, უმალვე გიცნობ
და სულის შტორმით გამოვხატავ მძლავრ აღელვებას!

მოდი, ავიღოთ ხელი თავზე, გავტეხოთ ნავსი,
მოდი, სიგიჟეს ავაწყვიტოთ ყველა ქამრები…
ქვეყნად არავინ იბადება ჩვენივე მსგავსი,
არსად არავინ გამოჩნდება ჩვენი გამგები!

მსურს შეგახსენო, რომ მე ხვალაც შევიცვლი იერს,
ნირს, გენეტიკას გამოვიცვლი, ვითარცა საცვლებს;
ვეღარ მიხილავ ჰორიზონტზე _ დამფრთხალს და მშიერს,
შეურიგებლად გადმოვლახავ შენამდე საზღვრებს!

* * *

მე ყოველ დილით ახალ-ახალ ნაპრალებს ვაჩენ,
მე ყოველ ღამით წყლებით დავცლი დედების ჯარებს…
კონვულსიებით გამოვანგრევ სისხლიან კარებს,
უსუსურობით უმარტივეს სიმშვიდეს ვავლენ!

მე მიხარია დაბადება ახლად და ახლად,
ბევრჯერ სიკვდილიც კარმიული ჯილდოს მსგავსია…
ჩემი ფსიქიკა ნეტარების კოდით სავსეა _
ზურგზე ვიკიდებ დედამიწას მოლუსკის სახლად!

რადგანაც ვიცი, ღვთაებები დაჰქრიან ცაში _
მანდალის ცენტრში აღმოვცენდე მინდა ლოტოსად…
ემანაციებს ვერ გავექცე _ ვემკო სამოსად,
სიცარიელემ დაინავოს დატვირთულ თავში!

მინდა გაჩუქოთ ჩასახვიდან _ ულევი წლები,
მინდა გისურვოთ სანსარიდან თავის დაღწევა!..
მე ყოველ დილით თქვენთვის ძალმიძს კედლის გარღვევა,
მე ყოველ ღამით თქვენს მაგივრად ამაოდ ვშთები!


სამარადო მისტერია

მე მოგიწყვიტავ მაზუთიან, გაჭვარტლულ ყვავილს,
მე შენ გიბოძებ, მცირეოდენ, ქაოტურ ხედვას…
რადგანაც მინდვრებს ვერ ამშვენებს ნიავი სუფთა,
სუფთა ხედვასაც, აბა სადღა მოვნახავ შენთვის?!

მზე ვარდნას ახდენს, ის იმსხვრევა მილიარდ წვეთად,
მზის დასხივებით დავიბრმავებთ ავადმყოფ გუგებს…
მე კვლავ მოგართმევ მაზუთიან და მკვდარ ყვავილებს,
შენ მათ გარეცხავ ღვთის ცრემლებად წოდებულ წვიმით!

გაკრთება ნისლი, ჩვენს დაბინდულ მზერიდან _ უმალ,
გასკდება ზეცა, ვით საზამთრო დანის წვერის ქვეშ…
ზურგით შეგცქერი, სიტყვებს ვყლაპავ, ისევე ვდუმვარ,
რომ გამოგტაცო, უხმაუროდ _ უიმედობა!

კალპები მიდის, იწურება იუგა კალის,
გავხარ ლიფსიტის საიდუმლო მიმალვას ზღვაში;
ზღვა კი ბლანტია, თანაც მძიმე, ტვირთივით გზაში, _
უკან გაგყვება დადევნილი ექოს ღრიალი!

მთვარეულივით, ღამღამობით დალაშქრავ კედლებს,
ჭერს გადაკვეთავ, პოლუსივით, მარტოსულების…
მე ისევ ვეძებ ჭაობიან, ტორფიან ყვავილს,
მსურს, ბინძურ მკერდზე დაგიბნიო ბრილიანტივით!

_ გახდები სადა, უსუსური, თანაც მარტივი,
რადგანაც მინდვრებს ვეღარ ფილტრავს ქარები სუფთა!

თავდასხმა

მინდა გიხელთო, უმალ შეგიპყრო,
შემოგეტმასნო ტყავის ქამრებად,
ყელზე დაგადგე, ხელში შეგიკლო,
თავზე დაგატყდე მძიმე გვალვებად!

მინდა იცნობდე ჩემს გენეტიკას,
მცნობდე შორიდან პულსის ხმაურით…
ქვეცნობიერით ვფლობდე ტექნიკას, _
შეერთებების აურზაურით!

გიხმობ სკანდალით, ცივ ეშაფოტზე _
ზეაღსვლა შენგან _ კომპრომისია…
დგახარ წყვდიადში _ გვემის სადგომზე,
რომ აღასრულო უფლის მისია!

და როცა ფეთქვა უცებ გაგყინავს
კვდომ-არსებობის ფაქიზ საზღვარზე,
დედამიწის გულს, როგორც ვაგინას, _
დაიტან ტვინის ციფრულ ნახაზზე!

დაიკარგება ამდენ ტკივილში
ჩვენი შეხების ჩუმი ბგერები…
იქ, პლანეტების გამჭოლ ლივლივში,
კომეტებს წვიმად მოეფერები!

ზოდიაქოში ჭუპრად იქცევი,
რომ აღმოცენდე მიუწვდომ სხივად;
ამ მოლოდინში ვშთები, ვილევი,
სიგიჟის პირას დაშლილი მივალ!

მინდა მოგისწრო, მოგინადირო,
გამოგამწყვდიო ნეტარ საკანში…
გულზე დაგადგე, სიმწრით გატირო
და გამოგჭედო რკინის მადანში!

პარალელური სიყვარული

გაკვეთე მიდამო სისხლიან მიზნების
დანგრეულ სხეულთა სნებოვან ტორტმანში,
დაზაფრულ სიმფრთხალით შეგიგრძნობ, როდესაც
იდინებს ტკივილი გონების ონკანში.

მომკითხე პასუხი გაჩენის წამიდან,
მოვლენის წუთიდან მაკადრე სიცივე…
ავათლი ჰორიზონტს უმწიკვლო სისწორეს _
ქალას მიწნეხავს ჰაერის სიმკვრივე.

აწყვეტილ აზრების გახედნას გავურბით,
რადგანაც გრძელდება ეს კაკაფონია,
ძაღლივით კვალს ვიღებ შენს ნატერფალიდან,
შენს ჩრდილად ვიქცევი _ სხვა გზა არ მქონია!

ვაერთებ მანძილებს ჩვენს შორის გაწელილს,
სად არის ბზარები, რომლებიც გაგვიჩნდა?!
გაგვისხლტა ნისლები კეთროვან ფიქრების,
უკან მოხედვა გვთრგუნავს და არ გვინდა!

მომეცი სხეულის ნაწრთობი სისავსე,
მოქუფრულ იმედებს გავფანტავ შტორმივით…
მსოფლიო ხანძრებსაც ჩაგიქრობ ფეხებთან,
რომ გაჩნდეს მიზიდვა _ მუდმივად ორმხრივი!

დჰარმიული სამიჯნურო

მაპატიე, რომ მიყვარხარ, მე ვარ შენი ყავარჯენი,
შენი ტორსის სიმეტრიას მოვიზომავ ხის სხეულზე…
ხარ მუდმივი პარადოქსი, მე კი ვირთხა _ ამაზრზენი,
ვიყიდები ნამცეცებზე, ნარჩენებზე, განა ფულზე!

შემიყვარე თუნდაც ზიზღით, თუნდაც, როგორც ილუზია,
ირგვლივ მხოლოდ სიზმარია, ყოველივე რაც კი გვაკრავს…
ჩემი მძიმე მარტოობა _ პიროვნების მინუსია,
შენ კი კვლავ თავისუფლდები და გასხივოსნება გახლავს!

მოგენატრო მინდა ისე, ვით სანსარის სუსტი ექო,
მე არა ვარ შენი კარმა, შენი ცოდვა უდრტვინველი.
გონებაში, რომ სიმშვიდე სადმე მაინც გამოვქექო
და მოგიძღვნა ამ ფიქრების შეჩერება _ უმნიშვნელი!

მინდა, რომ არ მოგეჯაჭვო, როგორც კლდეზე _ ამირანი,
დამეხმარე, მოვიცელო შენი სახით _ ჩემი ეგო…
გიყურებ და ზედ მასკდება ვნებისაგან მთელი კანი,
ეგ ნატიფი საოცრება, ვით სასჯელი, ისე მერგო.

რომ გადმოგცე მთელი პრანა, რაც ჩაკრებში გამაჩნია,
რომ ლოცვების დიდი ძალით დაგიბინდო ყურთასმენა;
იცოდე, დღეს კვლავ მჭირდები, თუმც არავინ არ მაკლია,
შენზე წინა ცხოვრებაში ბედისწერამ მომახსენა!

არ ვაპირებ გაგეპარო, წაგაქციო ვით ჭადარი,
მოგაცალო ეგ საყრდენი, გენეტიკის რთული კოდი…
შემოგნატრი, მაგ სიცოცხლით მით უფრო ვარ მეტად მკვდარი,
მემატება ნევროზული სიმძაფრე და სულის შფოთი!

მისახსოვრე ნოსტალგია _ წარმავალი, შავი ზღვების,
უსასრულო ეონების წრებრუნვაში ვიკარგები;
სიმრავლეა ირგვლივ, მხოლოდ, სანსარული გრძელი გზების,
ემოციის ოკეანში ვიხრჩობი და ვიკარგები.

ისევ მინდა, მერამდენედ, რომ აგიხსნა ჩემი გრძნობა,
მთვარეული იმედებით მოგანიჭო არსის მანტრა!..
შენ ხარ ქსელი, მე კი ცენტრში მიყუჟული, ვით ობობა _
მოჩვენებით წარმოსახვამ _ ფსიქიკაში გიჟად ამცრა!

მინახულე კიდევ ერთხელ და მაჩუქე ხიბლის განძი,
მარადიულ ნირვანაში საგზურები გაიყიდა…
ხარ ქალღმერთი, მე კი შენზე შერყეული ერთი კაცი,
მატერიალური ტვირთი ვინც კაცურად დაიკიდა.

მომიტევე, ისევ გეტრფი, მე კი ნუღარ დამეყრდნობი,
შენს ეთერულ სხეულიდან _ ცისარტყელა რჩება მხოლოდ…
დღემდე ვერ ამომიხსნიხარ. ვირთხას მაინც ნუ ენდობი!
საბოლოოდ დავხურდავდი, და გახსოვდე, გვედრებ, ოღონდ.

* * *

გავდივარ გარეთ, სად არის მთვარე?
სად არის სიცხე, როგორც სასჯელი?
სკანდალი სულის გავრიყე მწარედ,
განვაგდე აზრიც _ ვნების გამთლელი!

გავდივარ ღამით და მგონი წამით _
სულ მხოლოდ წამით წარმომიდგები;
თავს რომ გაბეზრებ იმით და ამით…
როგორც კავშირი ღმერთთან _ მიწყდები.

მიწყდები შიგნით, ფიქრებიც მიჯრით,
მოწოლით, რისხვით _ შენსკენ მოჰქრიან _
ორივემ ვიცით, რაც ხდება _ ვიცით,
კონვულსიები _ შველად მოდიან!

მაკლიხარ რადგან, გაგარჩევ მათგან,
ვინც ამოვშალე მკრთალი სიიდან;
სიგიჟეს ვხარშავ უსაზღვრო დარდთან,
როცა მიღიმი თეთრი წიგნიდან.

როცა სილუეტს, როგორც პირუეტს
დავაბზრიალებ მე ჩემს გუმანში,
ბგერები შენი სმენას მიყრუებს
და შევბრუნდები ისევ უმალ შინ!

ავაწყობ რითმას _ ვითარცა სიზმარს,
მოგიძღვნი ჩუმად უკუნ სტრიქონებს…
მოველი დილას, ცივსა და სისხამს,
ეს გადარევა კვლავაც გიგონებს!

გაცვდება განცდა, დავრჩები სახტად _
როცა შემთხვევით სადმე დაგლანდავ…
მგონიხარ სადღაც და თანაც არსად _
არსად ყოფნაში ჯაჭვით დაგაბამ!

გინდა გაფრინდე, გასცდე ამინდებს,
გასცდე ჰორიზონტს, როგორც ფანტომი _
დევნა შენამდე მომსპობს, ამიკლებს _
მე ვერ მოგწვდები ერთი ნახტომით!

განწმენდა სულის არ არის რთული,
როცა მეექვსე გრძნობა ანთია…
ენერგეტიკა ვიღაცის _ მტრული,
განადგურდება შენით _ ნათია!

სულ წაიშლება შავ-თეთრ ზვირთებად,
ფერად ნივთებად ღიმილის სითბო _
მიუწვდომელში რჩები მიგნებად,
გაურკვეველში შეგნატრი, გიხმობ.

ამ წუთას გძინავს და როგორც მინას _
სახეზე გეკვრის ღამის სისველე,
ილუზიებით გავცდები მიწას _
შენ დამაბრუნე, შენვე მიშველე!

რომ არ გავთავდე, არ გადავგვარდე,
არ დავიშალო ათას სიყალბედ…
მსურს რომ მთვარეზე დღეს გადავსახლდე,
ამიტომ ლექსად მე ეს გიამბე.

შემოვალ შიგნით, ვამაყობ იმით,
რომ არ მოგბეზრდა ჩემი ლაყაფი…
დაგხატავ უცებ საკუთარ სისხლით,
სისხლი _ ჟანგია, შენ კი _ სადაფი;

შევდივარ ბნელში და მხოლოდ ჩემში _
და მხოლოდ ჩემში თეთრად ტივტივებ…
გასკდება ტრომბი ავადმყოფ მკერდში,
როცა ზეცაზე გაილივლივებ!


* * *

ეძღვნება მალხაზ კობერიძეს,
ქართული როკის ცოცხალ ლეგენდას

შენი ოჯახი _ გიტარაა შავი კატებით,
რუხი კნუტებით გიხარია სულის ანთება,
ღვინის მორევში მძიმე როკი დაიბადება,
და გაუყვები მტვრიან ქუჩებს შავი ხაზებით.

გყავს მეგობრები უამრავი, როგორც ფანდები,
ღამეებს ათევ სიმღერებში შფოთიან გულით…
მოგონებები დაგყვებიან ლაჟვარდულ წნულით,
და დილაობით წყლის ჭავლის ქვეშ გაიმართები.

დახეტიალობ, თან ყოველგან ხარ მიღებული,
სტატუსი შენი _ მუსიკოსის, ვით მაწანწალა…
ქარტეხილებმა გადაგთელეს, ფიქრმა გაწვალა,
“MEMENTO MORI” -არ გახდება მივიწყებული!

სისხლიან წიგნის საოცრება შენში სულდგმულობს,
და ხარ ლეგენდა, ცხოვრებაში მითად ქცეული…
ჰიპურ მანერით ხარ ზეციდან გამოქცეული,
და ნოსტალგია _ მისტერიით მუდამ გიყურებს;

საყვარელ ქალის გეხატება ცივი აჩრდილი,
როს ბოჰემაში ააჟღერებ ბებერ გიტარას…
ხარ თვითმყოფადი და არასდროს არ მოგიპარავს
არც ერთი ნოტა, არც აკორდი და არც წადილი!

როცა აფეთქებ მელოდიას _ ბუმბერაზ გამმით,
როცა თითებით აქანდაკებ როკის ჰავერდებს,
თან `მწუხარება კვლავ ნაკეცი, ისევ დაგეძებს~,
გამოაფხიზლებ იდიოტებს უეცრად, წამით!

შავ ქარიშხლებმა ვერ გატეხეს შენი დიდება,
“MEMENTO MORI”-სამყაროდან არ წაიშლება!

შავ ოჯახობას

ეძღვნება საქართველოს დამსახურებულ ორნიტოლოგს _
მალხაზ სიხარულიძეს (ლუკიჩს)

შენ ხარ ვით ყვავი _ მონაცრისფროდ ერთფეროვანი,
ბლაგვი, ვით ტვინი _ ნისკარტული ძებნა _ მირაჟი…
თბილი სანაგვე და ბინძური ლოთი _ მხცოვანი,
მწველი ყრანტალი ათქვეფილი წვიმის სილაში.

შენ ხარ ყორანი, პერსონაჟი შავი ოჯახის,
თვითმყოფადობას გაასესხებ მზარდი პროცენტით…
და მინდა მყავდე, ვით მეუღლე, შავბნელ ოთახში,
რომ განათლება მოგანიჭო თუნდაც დოცენტის.

შენ ხარ ჭილყვავი, თეთრი ყვავი, ფერით _ შოშია,
ვოცნებობ მგელზე, როგორც შენზე, მისტიკის პირმშოვ;
შენთვის საჭმელი ობიანი ცივი ბორშია,
მე შენზედ ფიქრებს ატკივებულ გუმანში ვიქსოვ!

შენ ხარ ამაყი, სატანური არა ხარ სულაც,
შენი სიშავე _ სიბრძნის მზისკენ ეშაფოტია,
და როგორც ეშმას, შემოგწირავ ავადმყოფ სულსაც,
გამჭოლი მზერა _ მეომარი, შენი კოდია.

ჩვენ ამ დროს ხიდზე, მე და მახო, როგორც ყოვები
შენს ბუდეს ვუმზერთ, თუნდ არა ვართ არც ერთი ბუდა,
მაგრამ ნამდვილად შავები ვართ, შენებრ _ მძორები,
თანაც გვწყურია ერთგულება, თქვენებრი თუნდაც!

თუნდაც ვერ ვჩხავით, ვერც კი დავქრით ლაღად და ტლანქად,
ჩვენი ტკივილი ხომ დაფრინავს არანაკლებად…
ძვირფასო ყვავო, მარტოდ რომ გვჭვრეტ მაღლიდან, ზანტად,
შენ გვეხატები სამყაროში ღვთიურ განგებად!

ნახევრადგადამწვარი ნათურა

(როცა მარსელ დიუშანს ჰკითხეს _ სწამს თუ არა ღმერთი,
მან უპასუხა: `მე ხომ არ გეკითხებით იმის შესახებ,
თუ რას აკეთებენ ფუტკრები კვირა დღეს?..)

მე ავადმყოფი მზერით და დაუბანელი ხელებით შევეხე ბლანტ სივრცეს,
მე მოვდიოდი დაკარგული, როგორც სხვისი მძიმე ბავშვობა,
დამინდო ღამემ, თუ ცხელმა, უკუღმართმა, მძიმე ზამთარმა,
როცა მე, ავადმყოფი და გაუპარსავი მოვიჩქაროდი.

სად არის ის მზე, რომელიც არ აფეთქებულა ჩემთვის და შენთვის,
ანდა სად არის ის მთვარე, რომელმაც არ იცის დედის გინება,
მე ვარ მესაზღვრე და მე ვიცავ შენს ნატიფ საზღვრებს,
მე ვარ მეშახტე და ვდარაჯობ შენს უღრან ფიქრებს!

შავი სინათლით გაკაშკაშდა მიდამო _ კეთრის,
რომელსაც ერთვის ჩემი მზარდი გაორმაგება.
აღარ მივდივარ, არც ვშეშდები და მაინც შენთვის,
და მაინც შეთვის მემეტება გამონათება.

ვიცი და სულაც არ მისწავლია არსად ეს განცდა,
არც სისხლის სუნი აღარ არის უცხო და მწველი,
შენ გაჩნდი ახლა, ყოველ წუთში თავიდან ჩნდები, ზოგჯერ კი ქრები
და ქუჩის ნაგავს შემაყვარებ, ვით განდიდებას!

და ქუჩის მტვერში არ დავახრჩობ ჩემს ყვითელ მზერას,
რადგანაც ჯიბით მე არ დამაქვს ჩემი თვალები,
რადგანაც არის უთვალავი სხვისი ვალები,
თან არცერთ ექიმს აღარ ძალუძს წამომაყენოს.

წმინდა ვირთხებთან, ერთ ტაძარში, ერთი თასიდან
ვღებულობ პრასადს, მათივე წყლით ვისველებ წვერებს,
ჩემი წვერიდან ვირთხის სახით, წვეთები ცვივა,
ამ თითო წვეთში ხომ სამყარო აისახება.

მე მიყვარს ვირთხა, ეს ნაგავი, მიყვარხარ ისევ,
მე მიყვარს ჩემი უკურნელი ავადმყოფობა,
მიცურავს გემი ჩემს ვენებში, როგორც ობობა _
ისე ამომწოვს მთელ სიგიჟეს დღე ხვალინდელი.

ვაფურთხებ ირგვლივ, შარდით ვზომავ ავტონომიას,
ასკეტურ ველებს, ხეებს, კლდეებს შევეზარდები,
ინაწილებენ ჩემს წვალებას რუმი მაგები,
გამოსათხოვარ ღრიალითურთ ვაცბუნებ ყველას.

მე ისევ შენთვის, მხოლოდ შენთვის ვინფიცირდები,
მე რადგან არ მაქვს არჩევანი, არც კიდევ ეგო,
წყლის ცივ მილებთან მკვდარი ვირთხა სასტიკად ეგდო
და მასში ვჭვრეტდი პლანეტების გარდაცვალებას.

ამინდებშია და ფიფქებში და წვიმებს მიღმა,
და ქარებს შორის მიმართული ჩვენი ერთობა,
გაწყდება სხივი ვით უსახო წამები, წლები,
ოკეანეებს ვეღარ დალევს ვარსკვლავთ სერობა.

ტვინი სივდება, თავისქალა ვერ იტევს ფორმას,
ვერ იტევს სული ამ მშვენიერ გამოცოცხლებას,
აგდია ცაზე ჰაბიტუსი დედამიწური,
დედამიწური მსხვერპლშეწირვის ვერდაოკება!

რაში დავკარგე ჯანმრთელობის ცნობა, ვით სახე,
მე, სეილონის კანში რომ ვარ გამომწყვდეული,
გარბიხარ თბილად, ზედ გაცვია კანკალი ჩემი,
დამიბრუნდები მისტერიით, წიოკით, თქეშით,
როგორც ბრუნდება კოსმონავტი ანაზდეული!

მე მოფერებით ამოგისვირინგებ თვალებში ჩემს ეთერულ სხეულს,
რომ ვეღარ შემამჩნიო, როცა დავმახინჯდები!
თანაც ნათურა რომ ანათებს ჩემს საზარ იერს,
არის ნამდვილად გადამწვარი უკვე ნახევრად!


ბავშვობის ექო

ქარის ცეკვა, ცეროდენა,
ქაღალდის ბავშვი ცომის თმებით,
მარცვლის ზომის სიხარული სამყაროსხელა ცრემლებით,
ნემსის სისხო სხეული, სხეული _ პაროდია,
სხეული _ სიფრიფანა, ვით ღამის პეპელა:
ქარის ცეკვა, შტორმის ფერხულში ჩაბმული გოგონა _ იალქანი,
გოგონა _ ბუმბული, გოგონა წვეთი!
უსასრულოდ უკიდეგანო მისტერია,
ქარიშხალი, ვით ისტერია და სიმბოლიკა…
მეზობელთა შურიანი თვალები _ ვით გვამებით ამოვსებული აკლდამები.
ყველას უხარია, ყველა ზეიმობს შენს დაცემას,
როდესაც არარსებულ სიყვარულზე საუბრობ
და როდესაც ყველას თავს აბეზრებ საკუთარი პერსონით!
ქარის შეჩერება, გაშეშება _ ამინდის ზანტი ტემბრი,
მკვდარი ამინდების წყება იჭრება სულში!
სინოპტიკური დაკვირვებების ყოველდღიურობა და
ციკლონური ხასიათების სიჭარბე!
ქარის ოინბაზური სიცელქე, რომელიც ღამით
ჩუმად კოცნის დაბერებული სახლების შუბლებს,
უჩუმრად მოჰყვება ფეხმძიმე წლების ისტორიას.
ქარი _ ვით ვნება,
ქარი _ ვით სენი,
ქარი _ ვით სიგიჟე და სასოწარკვეთა,
ქარი _ როგორც დაუწერელი კანონი!
პლასტელინის ადამიანების ურთიერთშეხება _ შეწეპების გარდაუვალობით,
როცა ბავშვობაში ძერწავდი პატარა კაცუნებს,
მერე კი აღარ მოგეწონებოდა და ერთმანეთში აგლისავდი,
როცა ტანისამოსზე გემჩნია, თუ რა ჭამე იმ დღით,
როცა ეზოში ბურთით ამსხვრევდი ფანჯრებს
და როცა ყველაფერი მშვენიერი იყო უსაზღვროდ!
ქარის მოტანილი ზღაპრების კოლექციონერი,
ქარის მიერ მოყრილი ვარსკვლავების აღმრიცხველი
და ქარის ჰიპნოზით გატაცებული _ ეძებდი არსებობის გამართლებას
საკუთარ თავში
და გწყინდა, რომ პირველი აღტაცება მალე ცვდებოდა,
რომ პირველი არდადეგები სახლში გაატარე,
რომ პირველი კოცნა შეგაშრა რახანია,
რომ პირველი ლექსი დაკარგე,
რომ პირველი მეგობარი აღარ იჯდა შენს მერხზე,
რომ პირველი თოვლის პაპა ბუტაფორია აღმოჩნდა,
რომ პირველი ზღვა კინოში იხილე,
და პირველი ჩხუბიდან ნაცემი გამოხვედი!
გწყინდა და თანაც გიხაროდა, რამეთუ
სუსტი და მიამიტი იყავი, რამეთუ ყველას შეეძლო
შენზე სიარული _ როგორც დაკარგულ ბილიკზე,
რამეთუ მაშინ სირცხვილი იყო ხუთებზე სწავლა და
დედიკოს ბიჭობას დაგწამებდნენ.
ქარის ტურნე ნერვებსა და მოგონებებში,
ქარის შემოჭრა ოფლიანი სარკმლებიდან _ შენში,
ქარის დაუგეგმავი იმპერატივი გაგხდის სიცივის ყმად,
_ სტიქიის მონად.
ძნელი სიყრმის ექო მუდმივად ახდენს რეზონანსს გუმანში,
ხსოვნა გიქადის მხოლოდ ტკივილებს და მშრალ განცდებს.
ისმენ ლიტურგიას და გენანება წარსული _ როგორც ასეთი.
მოსანატრებელ სიმშვიდეს ვერ შეცვლის საძაგელი თანადროულობა,
ვერ შეგცვლის შენც და მეც _ ვერაფერი, გარდა სიკვდილის!
გაორებულ და გაათასმაგებულ სახეებს, სახეებს _ ნიღბებს
ვერ ვიცილებთ სამწუხაროდ და გულახდილობის დანაკლისით დამძიმებულნი
შევდივართ ქარების ნიაღვარში,
სადაც ყველაზე დიდი ჭავლი _ ქარისა _ უკანასკნელი ამოსუნთქვა
და წაშლაა _ სამყაროს ბოროტი ისტორიიდან!!!

იქნება!

დამარტყი მძიმედ, შემაწმინდე ფეხი სახეზე,
ქუჩის ურნები ამაყობენ შენ საქციელით,
თუ მოგინდება _ შეგიძლია შემომაფურთხო,
გინდაც უეცრად სუყველას წინ გამათახსირო
და არ გეგონოს, რომ მოგიშვერ მარჯვენა ლოყას,
ანდა მარცხენას _ ამბიცია არა მჭამს სულაც…
გადამიმტვრიე ყველა ძვალი, დამასახიჩრე,
ამხადე სკალპი, გადამტეხე თუნდ ხერხემალში,
თუნდაც მკარი და ცათმბჯენიდან გადამისროლე,
მე მიხარია, წეროები რომ მიფრინავენ,
მე გული მტკივა, რომ შენ არ ხარ ერთ-ერთი წერო,
და რომ ნისკარტი შენ არა გაქვს ასეთი გრძელი _
რომ შენ ხარ სველი, ვით მოლუსკი, და ლორწოვანი,
როგორც მიდია-მარგალიტი, სადაფი თეთრი,
მიკბინე ყელზე, ვით ვამპირმა დაუნდობელმა
და სისხლის ნაცვლად ამომწოვე მთელი სიგიჟე.
შენ არ განცვიფრდე, სიგიჟესაც თუ ვერ იპოვი,
შენ არ გაოგნდე, თუ შიგთავსი დამიშვრა უკვე.
ცვრიან ფოთლებზე ჯვარდებიან ლოკოკინები,
მათ შერწყმაში ხარ ჩაძირული უმწეო ფიქრით,
იხლართებიან ერთმანეთში ოჩოპინტრები,
ვურდალაკები გვიმღერიან ავ იავნანას,
მე და შენ ერთად და უსაფრთხოდ ვერთიანდებით,
თეთრ წრეში ვდგავარ და კვლავ მირტყამ ხაოან ენას,
როგორც მათრახი, ის მისერავს ოფლიან ფერდებს…
დამარტყი კიდევ, არ გეგონო არც მაზოხისტი,
არც ავადმყოფი, ნორმალურიც არა ვარ კიდევ,
არც გავჩენილვარ, არც მოვმკვდარვარ, არც არაფერი,
შენს ზღვისფერ ქროლვას მოაქვს ჟინი გადმონაფერი
და არ ხარ წერო, არც ბაყაყი, აღარც ნამქერი…
ტკივილის შტორმით ამოჭერი ჩემში კრატერი,
მოკალი აზრი, ჰაბიტუსი გამიპე ისევ _
მე ვარ ადამი, შენ კი ჩემი ხორცის ნაჭერი,
ათას ნაწილად, მილიარდად _ სხივით გამჭერი,
თან მაპატიე, რომ არ ვგევარ არვის მანერით,
გიხმარ და დაგშლი ამონასუნთქ მძიმე ჰაერით,
მასწავლე ენა, ლაპარაკი და ცემინება,
მასწავლე უფლის ამ კოშმარში ჩქარი მიგნება,
ღალატი ჩვენი, ქრისტეს, ბუდას, კრიშნას მისწვდება,
ამ სამყაროში ყველაფერი გარდაიქმნება
და ყველაფერი კვლავ თავიდან წარმოიქმნება.
_ იქნება!

* * *

მე უკვე შენში ვარსებობ და შენში გავიდგი ფესვები,
მე უკვე ნოყიერად მეჩვენება შენი სისხლი, ვით ნიადაგი!
ჩვენ გავსხალით ერთმანეთის რტოები, რათა ახალმა,
ნორჩმა კვირტებმა ამოხეთქონ ჩვენს აკანკალებულ სხეულებზე,
როდესაც დადგება გაზაფხული სათუთი.
ყველა ლერწამი იქცევა გაყინულ ჯაჭვად და
ერთმანეთში პატიმრობა გარდაუვალი კარმაა, _
როცა მახსოვხარ…
და ის მკვდარი საათები მინდა, რომ სამუდამოდ დასწვა
საკუთარი გონების კრემატორიუმში,
და ის სიძველე მინდა, რომ შორს მოისროლო, როგორც მოისვრი
ოდნავ ამჟავებული ნაპოლეონის კრემით ტუჩებს,
და მერე ცბიერი კატასავით აილოკავ, გაისუფთავებ ულვაშებს
და თითებს მოიყვან ანტიკვარულ წესრიგში _
როცა მჭირდები!
ჩვენ ვიქეცით ისეთ ველურ მცენარეებად,
რომლებიც ერთი თესლიდან აღმოცენდნენ,
მაგრამ ცალ-ცალკე მონაკვეთებს ფლობენ იმ სველი მიწის,
რომელსაც შენვე ახსენებ ზოგჯერ,
როგორც გახსენებს თავს ხშირად შენი სველი შიგთავსი _
როცა მეხები.
ნოსტალგიური მარათონი გვიპყრობს და გაუთავებლად
ერთმანეთს ვანაცვლებთ ერთმანეთში _
რადგანაც გვსურს…
რადგანაც ჩემი თესლი არ არის ტკბილი, და არც მწარე,
და შენ მაინც
ყოველ განზრახვას აქცევ მოქმედებად _ …
ამიტომაც მიყვარს და მაშლეგებს ყოველი ახალი სუნთქვა!
იმ გზაჯვარედინზე კი, რომელზეც შევხვდით,
რახანია მოწვიმა ხორცის ნაფლეთებით და სუფთა წყლებით
და ისევ ვკვდებით ერთმანეთის შეფარდებებში, ვილევით,
როგორც ქვიშის საათი ილევა გადმოტრიალებამდე _
სანამ შეეხებიან.
მორიგმა შიშმა შეანგრია ჩვენი ცნობიერების კარიბჭეები
და მორიგმა ცახცახმა აგვიტანა იმის გაფიქრებისას,
რომ ვინმემ შეიძლება დაიშუროს ერთი პეშვი წყალი,
ჩვენს მიერ დათესილი და აღმოცენებული,
ამოფრქვეული, ამომსკდარი და ამოჭრილი ნაყოფისათვის,
რომელსაც ეწოდება სანეტარო შიზოფრენია _
რადგანაც მხოლოდ ჩვენია და არა ვინმე სხვისი…
მე ვეალერსები შენს გამხმარ ტუჩებს და ვკოცნი
მთელ შენს სხეულს დღისით და ღამით,
უამრავი, გაუთავებელი რეაქციებით,
რათა გავხდე ალქიმიკოსი და
მოგიძღვნა სიყვარულის სრულიად უცხო, ახალი ფორმულა, _
მხოლოდ შენთვის აღმოჩენილი!

ასოციაციები და ფართო ასორტიმენტი

ფეირვერკების ქვეყნებიდან არ ბრუნდებიან,
როცა უცხო ხდება მშობლიური მენტალიტეტი
და გული აღარ მოგიწევს…
როცა მთელი სამყარო შენი გგონია პერსონალურად,
ისევე, როგორც ნამდვილად შენია რწმენაც,
რომლითაც დღემდე მოდიხარ!
(ოკეანისმიღმული სიმსუბუქე მოგენატრება!)
ქუჩებში არ დაგიკარგავს ნამუსი,
არც ნამუსახდილი ქალებისთვის თანაგიგრძნია,
თუმცაღა თანაგრძნობაც შენი მოგონილია და სიძულვილიც…
ალბათ ყველაფერში ფეტიშია, გარდა სულის,
რომელიც იმდენად მძიმეა, რომ მასში ვეღარავინ ჩაგაფურთხებს!..
ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სიყვარულით და
ნახევრად სევდით შემოდიხარ ყოველდღიურ სიტუაციებში;
სიტუაციები გელიან მოუთმენლად, მათში გაიგივება არ გაშინებს
და მუდმივად მარგოზე ფიქრობ…
თბილისურ ინტიმს უხდება პოეტთა უსაფუძვლო რისხვა.
მითუმეტეს, რომ ურთიერთშეხლა გარდაუვალი ატრიბუტია,
დღეს კი ლაპარაკით ვერავის გააკვირვებ;
თანაც იმიტომ, რომ დასავლეთში ცათამბჯენებმა თითქმის
მარსამდე მიაღწიეს!..
თეატრალური მულტიპლიკაციაა ჩვენი არსებობა
და
მულტიპლიკაციურ თეატრალიზაციას ვერსად გავექცევით.
ხელოვნებაში ერექციულმა აზროვნებამ დაიპყრო ყველა,
_ ძირს ხელოვნება!
_ ძირს ყველაფერი, რაც კონკრეტულია!
მხოლოდ სპონტანურობას როდი ვქადაგებ,
არც სენტიმენტალიზმს,
არც ბოჰემას,
არც სიგიჟეს!
მე უბრალოდ აქ ვარ, ვისმენ ბრაჯანებს
და ყოველივე უსაშველოდ სასაცილოდ მეჩვენება.
ნეტავ სიცილი არ იყოს
გადამდები, ისევე როგორც მთქნარება,
თორემ ალბათ გარშემო ყველა დასცინებდა საკუთარ თავს!
ეს თუ არ შეგიძლია, მაშინ ტკივილიც ისეთივე უცხო
გახდება შენთვის, როგორც მშობლიური, სტანდარტული მენტალიტეტი
და ნოსტალგია ვეღარასოდეს დაგჯაბნის.
_ ფეირვერკების ქვეყნებიდან არ ბრუნდებიან!


* * *

ვერ მოგაწოდებთ ხარისხიან მუზას _ თბილისურს,
ვერ ჩამოვუშვებ თქვენს გულებში ღუზას _ ინტიმურს,
გამოვალ გარეთ, გავიჯახუნებ სამყაროს კარებს,
დამსხვრეულ კერპებს გადარჩენა არ უწერიათ!
როცა გვაყლაპებენ ფიქრების კონტრაცეპტივებს
და არ გვეკითხებიან, რად სჩადიან ამ დასაშვებ ცოდვებსююю
ბერწი ფიქრებით უნდათ აგვცრან, რომ ავყვეთ ბოდვებს!
როცა გულებში სინანული ქვეყნისა იწვის,
და ვინმეს ნიჭი, მარწუხებში, უმწეოდ იბრძვის!
ფეხსადგილების ჰიმნი ლექსად ვეღარ ითქმება,
სამყაროს ნგრევა კედლებიდან ქვემოთ იწყება!
მე ვერ მოგაწვდით სიყვარულის ცრუ სიმფონიას,
რომელიც გაისმის ფსევდოდამოკიდებულებების უვერტიურაში…
ფარისევლობა _ სასიკვდილო ცოდვა მგონია,
ჩემივე თავზე წამოვდგები ფეხებით _ ზემოთ,
სიგიჟედ, რადგან, მიმაჩნია ყველა განწყობა
გაფეტიშებულ კომპლიმენტთა _ რითმად აწყობა!
მე მეზიზღება ყოველგვარი შემრიგებლობა,
კონфორმისტული, ამაზრზენი მიმიკა მათი,
ვისაც ძალით თუ ნებსით ახრჩობს, სხვათა მიერ
ჩაფურთხებული სულში _ სტანდარტი.
ვეღარ მოგაწვდით, ვით მალამოს, დღეს _ პოეზიას,
რადგანაც ვიცი, მოფრენილა კვლავ გაზაფხული,
რადგანაც ვიცი, აღარ მყოფნის ენა ქართული,
რომ გამოვხატო ყველაფერი, რისთვის გავჩნდი,
რომ გაგინელოთ მოწოლილი წყენა თუ დარდი!
ვხედავ, რადგანაც, ვით საქონელს _ გვხმარობენ ყველა,
სუნთქვა მეკვრება, თანაც ვიწყებ სისხლიან ხველას,
საკუთარ სულსაც ვერ ავზიდავ დღეს ეშაფოტზე!
ისევ მოგმართავთ, გიმეორებთ ათასჯერ ისევ:
_ ვერ შეგთავაზებთ სილამაზეს, სითბოს, სიმშვიდეს,
კვლავ ვაღიარებ უმწეობას ჩვენსას, სიშიშვლეს,
ძვლებს დამიმტვრევენ, გამთელავენ, გადამივლიან,
ამ ჩემს სტრიქონებს დაიფენენ და ზედ ივლიან…
ამიტომ მუდამ ვადასტურებ აკაკის სიტყვებს:
_ `ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველოვ!~…

* * *

აფორიაქებული სიჩუმე
არ არის სრულყოფილი სიჩუმე.
მაგრამ სად არის ლოცვის სიჩუმე?
როდესაც ჩნდება უჰაერობის სიჩუმე,
როგორც ინდური საკმევლის სურნელებით
გაჯერებული სიჩუმე; უმისამართო ვიბრაცია,
რომელიც უსასრულობის არ არის სიჩუმე!
განა არის რამე _ გარდა იმისა, რომ სიჩუმე?
ანდა ჩანს გარშემო რამე, გარდა იმისა რომ სიჩუმე?
ვხედავ, ვყნოსავ, მესმის, შევიწოვ,
შევიგრძნობ, ვეფერები იმას, რასაც ჰქვიф სიჩუმე…
მასში გახვევა, როგორც ირეალურ სიჩუმეში;
ღია სიბნელის მშვიდი გარსი…
წავიდა, და დარჩა მხოლოდ პროცესი _ სახელად სიჩუმე,
პროცესი _ სიცოცხლის, ტანჯვის, გვემის და
სწავლების _ სიჩუმე, გადმოცემის სიჩუმე, მიღების სიჩუმე,
გაკვეთილი, ვით გვამი, ანდა საზამთრო, არის
განა ის სიჩუმე?
_ ისმის შეკითხვა, პასუხი და უაზრობა,
გაბნეული დაღლილ და სუსტ ფერებში…
იქ გაჩნდა ბუდა!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s