Just another WordPress.com site

მარსიანი: “ელემენტი – ძახილის ნიშანი” (გიორგი ბუნდოვანის პოეზია) ლიტერატურულ ჟურნალ-”წიგნებიდან”

გიორგი ბუნდოვანის ახალი კრებული “ანტიყოფის მანიфესტი” შემაჯამებელი კრებულია პოეტის ოცწლიანი შემოქმედებითი მუშაობისა: კრებულის პირველი ლექსი 1987 წლითაა დათარიღებული, ბოლო კი _ 2008 წლით. ქრონოლოგიას თუ თვალს მივადევნებთ, შეიძლება გარკვეული სხვაობა დავინახოთ ადრინდელ და ბოლოდროინდელ ლექსთა სტილისტიკაში, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ რაიმე მკვეთრ მეტამორფოზას აქ ადგილი არა აქვს; მიუხედავად იმისა, რომ ლექსთა სათაურები არაიშვიათ თავისებურ მინიშნებებს შეიცავს კონცეპტუალური თვალსაზრისით, მაინც ვერ ვიტყვით, რომ აქ რაიმე თანმიმდევრულ ესთეტიკურ დოქტრინის მხატვრულ განხორციელებასთან გვქონდეს საქმე. გიორგი ბუნდოვანის შემოქმედებითი ნატურისათვის შინაგანად უცხოა თეორიული წანამძღვრებით დაჩარჩოება მხატვრულ ძიებათა გზაზე.
ერთი რამ ალბათ ადვილი შესამჩნევია: ადრინდელ ლექსებში (განსაკუთრებით მის სათაურებში) უფრო ჭარბადაა ექსცენტრიულობის მომენტი, ვიდრე გვიანდელებში. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე ადრინდელი ლექსის სათაური: “სიტყვაზრეული უფრაზობის ორგია!”, “გრძნობების წაგებული ვიქტორია!”, “ტრავმირებული ტრიტონის ტურნე _ შიგთავსში!”, “თვითზეაღსვლითი მიღწევადობის განდიდებადი მიუსვლადობა!”, “ტრაфარეტი _ უტვინობიდან _ თავისქალისაკენ!” და ა. შ. აქ აშკარაა ერთგვარი საგანგებო გადაჭარბება თუ თვითმიზნურობა, რაც გროტესკულ-პარადოქსულ ინტონაციას გამოჰკვეთს; თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პაროდიის თანმხლები ირონიულობა გ. ბუნდოვანის ლექსებში არ იგრძნობა: იგი თითქოს მხოლოდ ლექსთა სათაურებში ავლენს წამიერ “ღიმილს”, თვით ტექსტებში კი ძირითადად მოღუშული, გამწყრალი კილოთი გვესაუბრება (ლამის ყვირილის ზღვარზეა ხშირად ეს საუბარი)…
გიორგი ბუნდოვანის პოეზიაში არ არის მოდური კეკლუცობა, ხელოვნურად გამოგონილი განცდები, ე. წ. “კარგი ტონის” მოთხოვნილებისადმი დაქვემდებარება, რაც ახალი თაობის მრავალი წარმომადგენლისათვისაა ნიშანდობლივი და რაც მათი შემოქმედების ზედმეტად ლიტერატურულ (ლიტერატურშჩინულ) ხასიათს განაპირობებს; სწორედ ამიტომაა, რომ ამ ავტორთა უმეტეს ნაწილს არსებითად არ გააჩნია ინდივიდუალური სტილი: ისინი წერენ თითქოსდა რაღაც ყვალასათვის სავალდებულო სტანდარტის მიხედვით, რომელიც ბეჯითი მოწაფეებივით აუთვისებიათ; გიორგი ბუნდოვანის “თავზეხელაღებული” შემოქმედებითი ნატურა ამგვარ სტანდარტში ვერ ჯდება. მას თავისი ხმა აქვს, თავისი სპეცპიკური ინტონაცია, რაც სხვისაში არ აგერევა: სხვა საქმეა, მოგეწონება თუ არა ეს ხმა, ეს ავტონომიური პოეტური წარმონაქმნი, მაგრამ იგი ნამდვილად არსებობს, თავისი სახე გააჩნია.
ჰოროსკოპების მიხედვით ზოდიაქოს ყოველ ნიშანს სამყაროს ოთხი პირველსაწყისური ელემენტიდან ერთ-ერთი შეესაბამება: მაგალითად, ვერძს _ ცეცხლი, ქალწულს _ მიწა, კირჩხიბს _ წყალი, მერწყულს _ ჰაერი და ა. შ. საინტერესოა, რა გამოვა, რომ ვცადოთ და ჰოროსკოპის ანალოგიით პოეტებს “ელემენტებად” სასვენი ნიშნები მივუსადაგოთ: ანა კალანდაძისათვის, მაგალითად, ასეთი “ელემენტი” იქნება მრავალწერტილი: მის მინორულ, ფაქიზ, ნახევარტონებით აღსავსე ლირიკულ ლექსებში ყველაზე მეტად მართლაც მრავალწერტილი ფიგურირებს. გიორგი კორნაპელის გვიანდელ პოემებში ძალიან ხშირად გვხვდება ფრჩხილებში ჩასმული სტრიქონები და, ამდენად, მის “ელემენტად” შეიძლება ფრჩხილები ჩავთვალოთ; გიორგი ბუნდოვანისთვის კი ასეთი “ელემენტი” უთუოდ ძახილის ნიშანია: მისი ლექსების ლამის ყოველი სტროფის ბოლოშია დასმული ძახილის ნიშანი, ზოგი ლექსი კი სულაც სამი ძახილის ნიშნით მთავრდება. თვით ლექსთა სათაურებშიც კი არაერთგან გვხვდება ძახილის ნიშანი, მაგალითად: “მასწასლეთ სუნთქვა!” “განსჯის რიტუალი!” “იქნება!”
რა თქმა უდა, ეს არ არის შემთხვევითი ამბავი: მღელვარება, სულიერი ფორიაქი (და არა სიწყნარე!) გიორგი ბუნდოვანის ლირიკის სპეციფიკაა: მისი პოეტური ხმა გამუდმებით მაღალ რეგისტრში აწეული, მოუხეშავი, ზოგჯერ ანტიესთეტიკურიც კია; ზემოთჩამოთვილ სათაურთაგან ერთი _ “მასწავლეთ სუნქვა!” ბრძანებითი კილოს ფორმითაა წარმოდგენილი და ძახილის ნიშანს ბუნებრივად მოითხოვს; “იქნება!” რაღაცის მტკიცებას შეიცავს და ამდენად, აქაც ბუნებრივია ძახილის ნიშანი; მაგრამ სათაურში “განსჯის რიტუალი!” ძახილის ნიშანი ტრადიციული მართლწერის მიხედვით სრულიად ზედმეტია: მას მხოლოდ “ბუნდოვანური” ესთეტიკა ამართლებს, ძახილის ნიშნით გამოხატული ინტონაციის ახლებურად ტოტალური ხასიათი პოეტის მთელ შემოქმედებაში: ეს ინტონაცია შეიძლება დახასიათდეს, როგორც ერთგვარი “ინფანტილური აგრესია” – გარასამყაროსა თუ საკუთარი თავისაკენ მიმართული; გიორგი ბუნდოვანი 90-იან წლიბში დაარსებულ პოეტური ორდენი “ქრონიოფაგების” წევრი გახლდათ (მაგისტრის მოადგილეც იყო ამ ორდენში; მაგისტრის ტიტულს ოთარ ბურდული, ანუ არაგველი ფლობდა). მათ მიერ გამოცემულ ერთობლივ კრებულსაც “ქრონიოფაგები” ერქვა; სწორედ ყმაწვილური ბუნტარობა, ინფანტალურ-დონკიხოტური აგრესიულობა ახასიათებდა ამ კრებულში დაბეჭდილ ძახლის ნიშანებით ფრიად გადატვირთულ ლექსებს და წინასიტყვაობა – მანიფესტსაც (რომელიც, მე პირადად, გიორგი ბუნდოვანის დაწერილი მგონია); მაშინ ბუნდოვანთან და არაგველთან ერთად იყვნენ წარმოდგენილი ქაოსური, განდეგილი, მარტვილელი (მხოლოდ ესეისტ ჭანკოტაძეს არ ქონდა ამათ შორის ფსევდონიმი)… შემდეგ “ანომალიური პოეზიის” კრებული გამოვიდა, სადაც ამჯერად ბუნდოვანთან და ქაოსურთან ერთად მეტამორფოზულიც იყო წარმოდგენილი. წლები გავიდა. სხვები თავიანთ ნამდვილ გვარებს დაუბრუნდნენ _ “ქაოსური” კვლავ ზურაბ რთველიაშვილი გახდა, “მეტამორფოზული” შოთა იათაშვილადვე მოიქცა, ოთარ ბურდულიც შეეშვა “არაგველობას” (და მგონი პოეტობასაც), სხვები აღარ ჩანან… მხოლოდ გიორგი ბუნდოვანი დარჩა, როგორც უკანასკნელი მოჰიკანი იმ გარდასულ ყმაწვილურ-პოეტური ერთობისა; და დღესდღეობით გიორგის ნამდვილი გვარი “კახიძე” უფრო შეიძლება აღვიქვათ ფსევდონიმად, “ბუნდოვანი” კი ნამდვილი გვარის სახელს იფარებს უკვე…
ავტორს ამ წიგნში ძირითადად რითმიანი ლექსები შეუტანია; რითმის რაფინირებაზე პოეტი ნაკლებად ზრუნავს, რითმავს სტიქიურად, ჰაიჰარად, არ ენაღვლება თუ რითმა სუსტი, არაკეთილხმოვანი ან ძველმოდური იქნება (მაგალითად სახელის გარითმვა სახელთან, ზმნისა ზმნასთან და ა. შ.); თუმცა არაიშვიათად კარგი რითმებიც გამოუდის _ ეს ალბად თავისთავად ხდება, საგანგებო ძალისხმევის გარეშე; გ. ბუნდოვანი საერთოდდაც არ ცდილობს, იყოს ესთეტი და არტისტი, მის სათქმელს არც მოუხდებოდა საგანგებოდ დახვეწილ-გასალაშინებული ფორმა: ამ წიგნში ხომ თითქოს ჭრილობებიდან წამოსული სისხლი მოთქრიალებს _ იმდენად თავდაუზოგავია ავტორი სულიერი ტკივილების, სასოწარკვეთის, თვითგვემის სურვილს გამოხატვისას; მისი აგრესია, როგორც ვთქვით, არა მარტო გარესამყაროსკენ, არამედ საკუთარი თავისკენაცაა მიმართული და ამ მეორე შემთხვევაში აგრესიის ხარისხი კიდევაც იმატებს…
პოეტი თავის ლექსებში ხშირად იყენებს ინდურ რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემათა ტერმინოლოგიას _ დჰარმა, კარმა, ჩაკრები, სანსარა, ნირვანა, მანტრა, პრანა და ა.შ. მოიხსენიებს კრიშნას თუ ბუდას, საუბრობს “ეგოს მოცელვაზე”, “მანდალის ცენტრში ლოტოსად აღმოცენების” სურვილზე, “წყლის ამრიტად ქცევაზე”, “განსხივოსნებასა” თუ “განთავსუფლებაზე”, “წინა ცხოვრებაზე”… ერთი სიტყვით, სახეზეა ინდური რელიგიური სამყაროს რეალიათა საკმაოდ ფართო სპექტრი და, არ ვიცი, ავორის მიერ რამდენად გაცნობიერებულად, ნაჩვენებია დღევანდელი ჩვენი ქაოტური სულიერების სრული შეუთავსებლობა ყოველივე იმასთან, რაც ზემოხსენებული რელიგიების, განსაკუთრებით ბუდიზმის არსს შეადგენს; ერთ ლექსს “დჰარმიული სამიჯნურო” ჰქვია (ალბათ არცთუ შემთხვევით, იგი თექვსმეტმარცვლიანი შაირის ფორმითაა დაწერილი, რაც, ბუნებრივია, “ვეფხისტყაოსანს” უკავშირდება ასოციაციურად): აქ ლირიკული გმირი სატრფოს “განთავისუფლებულად” და “განსხივოსნებულიდ” სახავს, ხოლო საკუთარ თავს უწოდებს “ამაზრზენ ვირთხას”, რომელიც იყიდება “ნამცეცებზე, ნარჩენებზე, განა ფულზე”… საერთოდაც მთელ კრებულში გამოვლენილი საკუთარი თავისადმი ზიზღის, დაუნდობელი თვითმხილებისა და თვითგამათრახების ტენდენცია ალბათ ნაკლებად შეთავსებადია ბუდისტურ თუ სხვა სახის მედიტაციებთან, იოგურ პრაქტიკებთან; ეს არც ქრისტიანულ ყაიდაზე თვითგვემის განწმენდის მცდელობასა ჰგავს; ორიენტირი _ სატრფოს ხატში ღვთიური არსის განჭვრტა-წარმოსახვა _ იქნებ გარკვეულწილად ემთხვეოდეს არა მარტო ინდურ რელიგიათა, არამედ ქრისტიანულ თუ სოფიურ პრაქტიკებს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ გიორგი ბუნდოვანის პირადი მსოფლშეგრძნება უაღრესად “თვითნებური”, ინდივიდუალისტურია და ინდური თუ სხვა სახის რელიგიური რეკვიზიტი მისთვის ალბათ საკუთარი ცნობიერების მღვრიედ ბობოქარ ზღვაში მოტივტივე დამსხვრეულ გემთა ნაფოტების მსგავსად მცირე ხნით ხელჩასაჭიდ საშუალებად თუ მოიაზრება და არა ხსნის გარანტიად. აქ გამორიცხულია რაიმე მყარი, მიზანმიმართული ორიენტაცია რომელიმე რელიგიურ სისტემაზე.
გიორგი ბუნდოვანს ორიგინალური ტროპული მეტყველება აქვს. მისი მხატვრული სახეები მოულოდნელი, არაორდინალურია. მათში ჩვენი თანამედროვეობის სუნთქვა იგრძნობა, ჩვენი “ინტეექტუალური” ეპოქის კოლორიტი: “დედამიწის გულს, როგორც ვაგინას, – დაიტან ტვინის ციფრულ ნახაზზე!” “ზოდიაქოში ჭუპრად იქცევი”, “ემანაციებს ვერ გავექცე – ვემკო სამოსად”, “თბილი სიტყვების ფორმალიზმი მაწვება ყელში, მახრჩობს სარკაზმის ვირუსული, მშრალი ხველება”, “ტკივილის შტორმით ამოჭერი ჩემში კრატერი”, “აგდია ცაზე ჰაბიტუსი დედამიწური”… ამ მაგალითებიდან ჩანს, რომ ავტორი არ უფრთხის ე. წ. “არაპოეტური სიტყვების” გამოყენებასაც, მის ლექსიკაში თამამად ფიგურირებს სამეცნიერო ტერმინოლოგია, თუმცა გ. ბუნდოვანი “ინტეექტუალური პოეტის” ტიპს ალბათ მაინც არ განეკუთვნება, მისი ნერვიული ტემპერამენტი მშვიდ განსჯა-მედიტაციას ვერ ჰგუობს. ემოციური საწყისი აქ თავისებურ “აბსურდულ რეფლექსიებთან” არის შერწყმული: გ. ბუნდოვანი, როგორც მხატვარი-მოაზროვნე, არ სცნობს ლოგიკას, ხშირად წინასწარგანზრახულად ახდენს წინააღმდეგობრივობათა პროვოცირებას. ნათქვამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია ლექსიდან “იქნება” რამოდენიმე სტრიქონი მოვიყვანოთ: “თუ მოგინდება _ შეგიძლია შემომაფურთხო, გინდაც უეცრად სუყველას წინ გამათახსირო და არ გეგონოს, რომ მოგიშვერ მარჯვენა ლოყას, ანდა მარცხენას _ ამბიცია არა მჭამს სულაც…” ან – “დამარტყი კიდევ, არ გეგონო არც მაზოხისტი, არც ავადმყოფი, ნორმალურიც არა ვარ კიდევ, არც გავჩენილვარ, არც მოვმკვდარვარ, არც არაფერი”. როგორც ვხედავთ, აქ ერთგვარი საგანგებო “ბავშვური ჟინიანობის” დემონსტრირებას ახდენს ავტორი, მის სიტყვებში ისეთი აშკარა წინააღმგეგობაა, რომ მხოლოდ ემოციის მაქსიმალური გულწრფელობა, ტკივილის ნამდვილობა ანიჭებს ამ ფრაზებს მხატვრულ დამაჯერებლობას. სუბიექტი ამ წინააღმდეგობათა საგანგებო წარმოჩენით გამომწვევად ეუბნება გარესამყაროს, ადამიანს, რომ აქამდე გაცხადებული “ჭეშმარიტებანი” მის (სუბიექტის) ტკივილებს ვერ შველიან და, ამდენად, არც ისე უტყუარია ეს “ჭეშმერიტებანი”, როგორც “საღი აზრის” ავტორიტეტითაა მიჩნეული; სუბიექტისათვის ყველაზე ნამდვილი და ჭეშმარიტი სწორედ თავისი ტკივილია, რომელიც სიტყვიერ ლოგიკაში გამოხატვას არ ექვემდებარება. რა ფასი აქვს მისთვის (სუბიექტისათვის) მთელი ამ ადამიანური სამყაროს ჭკვიანურ ლოგიკას, სიბრძნეს, ჰუმანიზმს, რწმენასა და მისთანებს _ ეს ყველაფერი ხომ მის გარეთაა, უცხოა, მისი ტკივიებისადმი გულგრილი და უგრძნობელი?
ლექსის ფინალში ამ გაუვალი აბსურდიდან გამოსავალი იმაშია დანახული, რომ სამყარო მთლიანად უნდა გარდაიქმნას და ხელახლა იშვას:

“ღალატი ჩვენი ქრისტეს, ბუდას, კრიშნას მისწვდება,
ამ სამყაროში ყველაფერი გარდაიქმნება
და ყველაფერი კვლავ თავიდან წარმოიქმნება. _
იქნება!”

სიტყვა “ღალატი” აქ შემთხვევით როდია ნახსენები: ლექსის ლირიკული სუბიექტი ხომ თავისთავს “ადამს” უწოდებს: “მე ვარ ადამი, შენ კი ჩემი ხორცის ნაჭერი” – ე. ი. მთელი ამ ნევრასტენული მონოლოგი – მიმართვის ადრესატი “ევაა”, ქალია, ანდა სხვაგვარად – სამყაროს მატერია, რომელმაც ყოველგვარი განსაცდელი თავს უნდა დაატეხოს (და დაატეხა კიდეც) ადამს, ადამიანს, ადამიანურ სულს: “ღალატი” – ეს პირველცოდვაა, ცოდვილთდაცემა, რის შედეგიც გახლავთ სულის ამჟამინდელი შეჭირვება, ტოტალური აბსურდის განცდა; სხვადასხვა რელიგიური სისტემებს სხვადასხვაგვარად აქვთ წარმოდგენილი კაცობრიობის მომავალი _ განკითხვის დღე, აღსასრული, ხსნა, ხელახლა შობა და ა. შ. და თანამედროვე სეკულარიზებული ადამიანისათვის მეტისმეტად ძნელია ირწმუნოს ერთი რომელიმე სისტემის სრული ჭეშმარიტება, ძნელია ერთ რომელიმე მოძღვრებას ბოლომდე მიენდოს. ამიტომაცაა, რომ უდიდეს რელიგიათა ფუძემდებლები _ ქრისტე, ბუდა და კრიშნა _ აქ ერთ სიბრტყეზე განლაგებულნი არიან. ღმერთიც ერთია და აბსოლუტირი ჭეშმარიებაც (ანუ ეს ერთი და იგივეა), ოღონდ ამ ორმაგობის, ორპოლუსიანობის, შუქ-ჩრდილის სამყაროში, ანუ მატერიის ტყვეობაში მყოფ ადამიანს ჭეშმარიტების მხოლოდ გარკვეული გამონათებანი ეძლევა და რელიგიათა სიმრავლე მხოლოდ აბნევს. გიორგი ბუნდოვანის ლირიკული გმირი არ არის ტრადიციული მორწმუნე რომელიმე კონკრეტული მოძღვრებისა: იგი ამ ღმერთსაგან დაშორებული და გზააბნეული კაცობრიობის სულისკვეთების გამომხატველია და მხოლოდ საკუთარი ხედვისა და მსოფლაღქმის ამარა დარჩენილი მაქსიმალური გულწრფელობით აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას იმ ყოვლისმომცველ პრობლემატიკასთან, თანამიმდევრობას რომ უზარმაზარი კითხვის ნიშანივით წინ აღმართვია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s