Just another WordPress.com site

რევაზ კახიძე (უჩინო) ”ასკინკილა-კინკილა” 2013

რევაზ კახიძე
(უჩინო)

(ამ საბავშვო ლექსების კრებულს, ავტორი რომ ცოცხალი ყოფილიყო, დარწმუნებული ვართ, მიუძღვნიდა თავის უმცროს შვილიშვილს – თეონა კახიძეს და უფრო პატარა, დის შვილიშვილს – ანანო მღებრიშვილს!)

ა ს კ ი ნ კ ი ლ ა – კ ი ნ კ ი ლ ა
(60-70-იან წლებში დაწერილი ლექსები…)

თ ბ ი ლ ი ს ი
2013 <a
რედაქტორები:

ნინო კახიძე
გიორგი ბუნდოვანი
კორექტორი:
ნაზი კახიძე

კომპიუტერული დიზაინი:
თამარ ქავჟარაძე

ISBN 978-9941-0-5459-4

წ ე ლ ი წ ა დ ი ს დ რ ო ნ ი

იანვარში
სპეტაკ თოვლზე
დააქროლებს ქარი
რაშებს,
ყინვა – ზამთრის
მეინახე
მთა და ბარში
დაპარპაშებს.

– § –

აპრილი დადგა,
აპრილი!
ტყე ფშვინავს
კვირტებდაყრილი,
ლიახვმა,
ქსანმა,
არაგვმა,
წალეკეს თავის
ნაპირი.

– § –

მოდის პური
ქერი, შვრია,
გადაყვითლდა
მინდვრები,
მომკელი და
გამლეწავი
მით არიან
მდიდრები.
ზაფხულია –
აგვისტო,
ძირს იხრება
ატმის რტო.

– § –

როცა დგება
შემოდგომა,
ღარში ტკბილმა
იცის დგომა.
გულუხვია
ოქტომბერი:
ხილი ბევრი
სავსე ქვევრი.

თ ო ვ ლ ი

თოვლი ცივი,
ნაზი თოვლი,
როგორც თეთრი ბამბა,
ციდან ცვივა
მარცვალ-ბროლი,
სულ დაფარა დაბა.
მოწყენილი ჩიტუნია
რტოზე თვალებს ნაბავს.

გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი

გაიხარეთ, პატარებო,
ჰა, მოვიდა გაზაფხული,
გამოცოცხლდა მინდორ-ველი
ზამთრისაგან დაზაფრული.

შ ე მ ო დ გ ო მ ა

ჩქარა მოდი, შემოდგომავ,
აღარ გვითმენს ბავშვებს გული,
მოგვიტანე ბევრი ხილი
დაყვითლებულ – დათაფლული.

თ ვ ი თ მ ფ რ ი ნ ა ვ ი

გუ–გუ–გუ–გუ,
ზეცის ნავი,
ლაჟვარდს ეკვრის
თვითმფრინავი.
რკინის ცხვირით
ღრუბლებს თელავს,
ვერცხლის ფრთები
მზეზე ელავს.

ო რ თ ქ ლ მ ა ვ ა ლ ი

ჩუქუ–ჩუქუ,
ჩქარა–ჩქარა,
ორთქლმავალმა ჩაიარა,
საქშენიდან თეთრი ბოლის
ბოლქვებს ისვრის
წარა–მარა.

და სამგზავროდ ჩაცმულები
ვაგონებში სხედან მგლები,
თაროებზე თუთიყუშებს
უკავიათ ადგილები.

ერთი ჟირაფს დაგვიხედეთ:
ტან-ფეხით დგას საბარგოში,
კისერი აქვს საერთოში,
თავი უდევს რბილ ვაგონში.

ფანჯარასთან ფეხმორთხმული
ჭორიკანობს ბატი ლომზე,
კონდუქტორი – ყურცანცარა
ბილეთს ყიდის სტაფილოზე.

ჩ ა ი დ ა ნ ი

ჩაიდანი აშიშინდა,
გაიბღინძა, გაიბერა:
– ქვეყანაზე ჩემი ძალის
ვერვინ ვნახე ვერსად, ვერა,
გაგიგიათ ორთქლმავალი?
ყველა უქებს ღონეს ულევს,
ჩემი გვარის მანქანაა,
ჩემი ორთქლი ასულდგმულებს!
თბომავალმა დინჯად ჰკადრა:
– ჩემო ტკბილო მამიდაო,
ორთქლის ხანა გრძელი იყო,
მაგრამ მაინც გავიდაო,
ეხლა დროა რაკეტების,
რეაქტიულ ძრავისაო.

ა ვ ტ ო ბ უ ს ი

ავტობუსი მიდის მთებში,
ხან ძიგძიგებს, ხან ახველებს,
სოფლისაკენ მიაქროლებს
პაწაწინა ქალაქელებს,
მხიარული ჟრიამული
ეფინება ტყეს და ველებს.

ს უ რ ი ს ძ ი რ ი

ყელყარყარა გრძელმა სურამ
თავის დობილს წასჩურჩულა:
– გამიგონე, ფერიაო,
ამ თაროდან გადმოხტომა
ჩემთვის არაფერიაო.
იმ წამს ჭიქებს შემოესმათ
ჭახა–ჭუხი უეცარი,
სურა მიწას დაენარცხა
სულ დაიმსხვრა უმეცარი,
დაეჟეჟა მწარედ თავი
და ასცვივდა საღებავი.
ასე გაჩნდა ეს მახინჯი
სურის ძირი, რაც გადარჩა,
გვერდებ მრუდე, დაკბილული
წყლის სასმელად ქათმებს დარჩათ.

წ ი ს ქ ვ ი ლ ი

ღარში წყალი
ქშუის, ბრდღვინავს,
მეწისქვილეს
ჩაეძინა.
სარეკელა
გაბმით რეკავს,
ხვიმირიდან
ხორბალს კენკავს.
წელს კარგია
მოსავალი
და დოლაბიც
დავლურს ცეკვავს.

თ ხ ი ლ ი

ციყვმა ბუჩქზე
ნახა თხილი,
გამომწვევად
გამოწვდილი,
დაეხარბა,
აკრაწუნა,
მოიტეხა წინა კბილი,
იქვე ბუჩქის
ძირას ჩაჯდა
ტკივილისგან დაღვრემილი.
შეებრალა ციყვი
არჩვს და
წაიყვანა ექიმ
მაჩვთან.
მაჩვმა მოსულს
უმკურნალა,
გაუკეთა ოქროს კბილი.
უთხრა: როცა
გიყვარს თხილი
კერკეტი და გაკროლილი,
კბილებს კარგად მოუარე
და ჭამის დროს
იყავ ფრთხილი!

ნ უ კ რ ი ს ა თ ვ ი ს ა შ ე ნ ე ბ ე ნ

ცულის ხმაზე შიშისაგან
ტყეს ტოტები უჟრიალებს,
დათვი მორებს ჭრის და კაფავს
გრძელებსა და ნუჟრიანებს.

მგელი მორებს მკვიდრადა ჰკრავს,
მოხერხებულ, თბილ ქოხს აგებს,
მელა კედლებს რბილ ხავსს აკრავს,
ზღარბი ლურსმნით ამარაგებს.

დაობლებულ ნუკრისათვის
აშენებენ საგანგებოდ
აი, მართლაც ამას ჰქვია
მეზობლობა სანაქებო.

მ ე რ ც ხ ლ ი ს ბ ა რ ტ ყ ე ბ ი

გუშინ დედა მერცხალმა
დააფრინა შვილები.
ერთხანს ისხდნენ ერდოზე
ბუმბულწამოშლილები.
მერე სადღაც გაფრინდნენ
მიეფარნენ ვენახებს,
ციალამ და ნათიამ
ვეღარსადაც ვერ ნახეს.

ღ ო რ მ უ ც ე ლ ა ტ ა ხ ი

ტახმა ტყეში
თხილი ნახა
ხის ფესვებში
მიმალული,
თუმც თაგუნამ
ივაგლახა,
არ ათხოვა
მის ხმას ყური,
დააძგერა ხარბი
ხახა,
მოიჯერა
ჭამით გული.
გაძარცული თაგუნია
ლომს ეწვია
საჩივლელად.
ლომს წრუწუნა
შეებრალა,
დაიბარა ტახი
ხელად,
სიტყვის თქმაც კი
არ აცალა
და ეშვები დააცალა.
ასე უთხრა:
ცოცხალს გიშვებ,
დღეისათვის
ესეც კმარა,
სხვისი სარჩოს მითვისება
აღარ სინჯო
ლაზღანდარავ!
წამოვიდა ღორმუცელა
და ყურები ჩამოყარა.

ვ ე ფ ხ ვ ი

ყვითელ ბეწვზე
ხშირ–ხშირად
დასდევს შავი
ზოლები,
ფისოვ, ჰგავხარ,
მაგრამ ღონით
მას ვერ დაეტოლები.

ო ბ ო ბ ა

უთითისტროდ, უჩხირებოდ
მოიქსოვა ბადე–სახლი,
ქსელში ბუზი თუ გაება,
დაიჭერს და შავ დღეს აყრის.

გ ა მ ო ც ა ნ ა

თეთრია და პატარა,
თოვლი ფრთხილად აჰყარა,
გაზაფხული გვახარა
თავი მორცხვად დახარა.

(ენძელა)

ც ი ყ ვ ი

ფიჭვზე ცხოვრობს ამ ზამთარში
ყინვისაგან ნაწამები,
მიკვირს, როგორ არ ჩხვლეტავენ
ფიჭვის მწვანე წამწამები.

ყ უ რ ძ ე ნ ი თ უ ბ რ ო წ ე უ ლ ი

რას მიცინი, ბროწეულო,
მე არ მიყვარს ღალატი,
ყურძენთან მაქვს პაემანი
მისკენ მიმაქვს კალათი,
შენ კი გინდა, შენი თავი
შემაყვარო ძალათი.

ყ უ რ ძ ე ნ ი

მომიტანე ბუდეშური,
ოჯალეში, ციცქა, თითა,
გავსუქდე და გავიბადრო
ლოყაწითელ ვაშლივითა.

ს ა ზ ა მ თ რ ო

ყველა ხილზე უფრო მეტად
შენ გვიყვარხარ, ნანატრო,
ლალისფერო, თაფლზე ტკბილო,
შენში ნდომამ დაგვათრო,
ოჰ, რამდენი გვალოდინე
სასურველო საზამთრო.

მ ა რ წ ყ ვ ი

ფუღუროდან გამოჰყო
ცხვირი მაღლა ასწია,
აუთრთოლა სურნელმა
ნესტოები პაწია,
გამოცოცდა ბინიდან
თაგვი თვალებპრაწია,
ბალახებში წითელი
შაქარლამა აწყვია,
მიირბინა ხალისით
და მიირთვა მარწყვია.

მ ა ხ რ ა

ერთი ნახეთ,
ვახ, რაო:
რა ბოსტანი
დახრაო,
შემოვერტყათ თოხებით
დავიჭიროთ მახრაო.

ბ ა ჭ ი ა

ყურები მაქვს გრძელზე გრძელი,
ტანთ მაცვია თეთრი ქურქი,
ვერას მაკლებს სიცხე მწველი,
თოვლი, წვიმა და ქარბუქი.

მ ე ლ ა, მ უ რ ა დ ა მ ა მ ა ლ ი

ტყიდან მელა გამოძვრა
ხელში შინდის კავითა,
სოფლისაკენ ქათმების
მოსაპარად წავიდა.

მაგრამ მურამ ნახა და
ტანზე ქურქი გახადა.
ეხლა მამალი დადის
ყელზე მელას ტყავითა.

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი დ ა ჭ ი ა ნ ჭ ვ ე ლ ა

თემშარაზე ნელა
მოდის ჭიანჭველა,
მხარზე უდევს ტვირთი
ათი თავისხელა.

ბაყაყები რუში
ხტიან აღმა –დაღმა:
– მოდი, შენი ტვირთით
გადაგიყვანთ გაღმა.

ბ ა რ ტ ყ ი დ ა კ ნ უ ტ ი

ჩემს ფანჯარასთან
მოფრინდა ბარტყი,
გამოუცდელი
და პაწაწინა,
ზედ მოეხალა
ყვითელ ნისკარტით,
ვერ დაინახა
სარკმელის მინა.
კნუტი ქებული
ბასრი ბრჭყალითა,
რაფაზე თვლემდა
ცალი თვალითა,
დაბნეულ ფრინველს
თვალი რომ მოჰკრა,
მისკენ გადახტა
მთელი ძალითა.
და მასაც მინა
დაუხვდა წინა,
თუმც ფისომ ცხვირი
ცოტა იტკინა,
სანაცვლოდ ჩიტი
გადარჩა შეჭმას
და ხათუნამაც
ბევრი იცინა.

მ ს ა ხ ი ო ბ ი დ ა თ ვ ი

დათუნია დრუნჩამ
დაიარა ქუჩა,
გამვლელ-გამომვლელი
ყველა მოაქუჩა.

ხან ორ თათზე დგება,
ხან გადადის ყირას,
ხან კაცივით ცეკვავს
ქუჩის განაპირას.

აბა ტაში–ტაში,
ცეკვას ტაში უნდა
და პატრონის ქუდშიც
აჩხრიალდა ხურდა.

ჩ ი ტ ი

ბევრს ნუ სვამ, თორემ ინანებ,
ანკარა წყაროს წყალია,
გაგიცივდება ეგ ყელი,
დაგიდუმდება ქნარია,
ვეღარ გვიგალობ სისხამზე,
ჩიტო, ბუმბულისპარია.

ფ ი ს ო დ ა თ ა მ უ ნ ი ა

– მერცხლის ბარტყებს ნუ შესცქერი
ასე ხარბი თვალებით,
ხომ იცი რომ ამ მერცხალმა
გამოზარდა წვალებით.

– მიავ, მიავ, ისე ვითვლი,
სულ არ მშია თამუნია,
მე ხომ მხოლოდ რძეს მივირთმევ,
ხანდახან კი თაგუნიას.

ზ ღ ა რ ბ ი

ზღარბმა ვაშლი იპოვა,
–იცით მერე რა უყო?
დაუძახა მეზობლებს
ყველას ტოლად გაუყო.

გ უ გ უ ლ ო

შვილებს სხვას რომ ურიგებ,
რად ხარ ასე უგულო,
როცა დაგვიბერდები
ვინ მოგხედავს გუგულო?

ვ ა რ ი კ ა

ჯუჯი, ჯუჯი, ჯუჯულავ,
ვარიკელა ვარია,
ბეღელიდან ხორბალი
ხომ არ მოგიპარია?

ს ა ქ ა ნ ე ლ ა

ჟირაფებმა ხეზე ხელად
ჩამოაბეს საქანელა.
ზედ შესკუპდა მაიმუნი,
მუხლში ბუქნავს ნელა-ნელა.

თუთიყუშმა დაინახა,
გაიცინა: ხა-ხა, ხა-ხა!
წყალში ნიანგს გაეღვიძა
და ბუყბუყით ამოსძახა:

–სიცილს გიჯობს გააფრთხილო,
მოიხადო მოძმის ვალი:
იქიდან რომ ჩამოვარდეს,
გაუტყდება ხერხემალი.

დ ო ყ ლ ა პ ი ა

დოყლაპია დათუნას
დასცინიან ყველანი:
სუფთა წერის რვეულზე
გადაექცა მელანი.

ბ ო ს ტ ა ნ შ ი

შეძვრნენ ჩუმად ღობეში
ყურცქვიტა და ნაცარა,
მაგრამ ზღარბმა დარაჯმა
ჭამა აღარ აცალათ!?
შეიბერტყა მრისხანედ
ეკლიანი მაზარა,
ორივენი მშივრები
გარეთ გააცანცალა:
–ეს ბოსტანი წუხელის,
ნაცარავ და ყურცქვიტავ,
პირწმინდათ რომ გაცალა,
იყო თქვენი ურცხვი და!

ს ა ხ უ მ ა რ ო

თაგუნები პურს ლეწავენ
კალო გაუჩაღებიათ,
თაგვებია, ძნას რომ ჰკრავენ,
სამკალშიაც თაგვებია.

უღელში კი კატები ჰყავთ–
ძველი ამხანაგებია,
გამოუბავთ მძიმე კევრი
კოხით ამონაგებია.

კევრზე უზის დედა თაგვი,
ხელთ უჭირავს დიდი კეტი,
გვერდს უმშვენებს ათი შვილი,
შვილიშვილი ათჯერ მეტი.

ლ ო კ ო კ ი ნ ა

გუშინ ჩვენი
ფანჯრის მინას
მიეწება
ლოკოკინა,
თეთრ ნაჭუჭში
გახვეული,
ჩახლართული,
ჩახვეული.

ღ ო რ ი

ქუცი, ქუცი,
ქუცუნავ,
ღორმუცელა
ღრუტუნავ,
პაპას ვეტყვი,
რომ შენთვის
გამოთალოს უღელი,
იმ მეზობლის
ბოსტანში,
რად შემძვრალხარ
წუხელის?

თ ა გ უ ნ ა

კბილებს რომ აკრაწუნებ,
არ გვაძინებ ღამითა,
აბეზარა თაგუნავ,
მოგვასვენე წამითა.

მოპარული კაკალი
ბურთი ხომ არ გგონია,
გიჯობს ჩაძვრე ქილაში
ჭამო ღორის ქონია.

დროა ჭკუა ისწავლო,
თორემ ხაფანგს დაგიგებთ,
გაებმები მახეში
და ანდერძსაც აგიგებთ.

მ უ რ ი ა

მურიკელავ,
ამდენ ყეფით,
არ გეღლება
ნეტავ ყბები?
განურჩევლად
ყველას უღრენ,
როგორც ყნოსვა
არეული,
ვეღარ უნდა
განასხვავო
სტუმარი და
გარეული?

ფ ი ს ო

ფისოვ, სულაც არა კმარა
მოიწმინდო თათით პირი,
შენს ჭრელსა და ლამაზ ბალანს
ბანაობა უნდა ხშირი,
შენ კი წყალი და საპონი
გეჯავრება როგორც ჭირი.

ბ ა ტ ი

საახალწლოდ დედამ
ცუგრუმელა ფატის
მოუყვანა სახლში
გრძელკისერა ბატი.

ფატიმ თავის ჯამში
აურია ქატო,
სანსლე, სანსლე, ბატო,
არ კი დაგეფანტოს.

ვ ი ნ ს ა დ ც ხ ო ვ რ ო ბ ს

სელაპმა სთქვა: თავს არ ვიქცევ
უსაქმობა–ცუდაობით,
ჩრდილოეთის ყინულებში
თევზებს დავსდევ ცურაობით.

მას ნიანგი აფრიკელი
უსმენდა და გაოცდა,
ჩრდილოეთის ხსენებაზე
ტანზე ბურძგლი გამოსცრა.

–ყინულზე რა მაცოცხლებსო! –
კბილის ცემით წამოსცდა,
ცხელი ქვიშა მოენატრა
მზის გულისკენ გაცოცდა.

აქ ვეშაპმა ამოუშვა
საქშენიდან ჭავლად წყალი:
–ყინულეთში ყინვა მომკლავს,
აფრიკაში სიცხის ალი,
მირჩევნია ოკეანის
გრილ ტალღებში კოტრიალი.

მაიმუნმა ჩაიცინა:
–ჯერ გონების მიჭრის თვალი,
ჩრდილოეთში დათვი შემჭამს,
აფრიკაში ლომი ჩქარი,

ზღვის ტალღებში ზვიგენია
კბილბასრი და ძალზედ მალი,
ისევ მიჯობს ხეზე ვიჯდე
და ვერავინ გამკრას ბჭყალი.

ღ ა მ უ რ ა

– თუ თაგვი არის, რად ფრინავს? –
ჰკვირობენ ფისო და მურა. –
ან უკან ღამით ჰაერში
გზას როგორ იგნებს ღამურა?

ყ ვ ე ლ ა ჩ ე მ ი ა

მსხალი,
ატამი,
ქლიავი,
კაკალი,..
ქსანი,
ატენი,
ტყვიავი,
გრაკალი,
ყველა
ჩემია,
მიყვარს და
დავხარი!

პ ა ტ ა რ ა

დედა, მამა, ძია ვასო,
ბებო, პაპა, ჩვენი თინა,
ყველანი რომ დიდებია,
მე რადა ვარ პაწაწინა?

პ ა ტ ა რ ა მ ო ჭ ი რ ნ ა ხ უ ლ ე

–პაპას უნდა დავეხმარო
ჩემი მარჯვე მკავითო–
თქვა ბექამ და სისხამ დილით
ვენახისკენ წავიდა.

თამაშობით მისდევს ყურშა,
მიშლიგინებს ანწლებში,
ხან შეუყეფს, ხანაც ფრთხილად
კბილებს ჰკიდებს კანჭებში.

გზად ალუჩას შეეყარნენ.
ვინ გაუძლებს ცდუნებას?
ალუჩა ხომ ბექასათვის
შეუქმნია ბუნებას.
რა სჯობს დილით,
მწიფე ხილით,
პირის ჩატკბარუნებას?
ალუჩისგან დაჭრილ კბილებს
უექიმებს ხართუთით.
აქეთ ბაღმა მიიწვია,
სიტყვა ჰკადრათ სათუთი. . .

ბალახებშიც იგორავეს,
სად არ იყვნენ, სად არა!
საქმე მაშინ გაახსენდათ
დღე რომ დადგა თაკარა.

ვენახისკენ გამოიქცნენ
ჰკრეს ბუკსა და ნაღარას.
ვაზებს შორის თვალი ჰკიდეს
პაპის თმა-წვერს ჭაღარას,

ეტყობოდა მოხუცს – იმ დღეს
ბევრი ოფლი დაღვარა
და ვენახის ნახევარი
მარტოხელამ დაბარა.

მიირბინეს მხიარულად,
– მოვედითო! – შესძახეს.–
გვსურს ბარვაში დაგეხმაროთ,
გვერდში მოგყვეთ ფეხდაფეხ.

უცებ რაღაც იგრძნო ბექამ,
მორცხვად თავი დახარა
და ყურშამაც სირცხვილისგან
კუდი სადღაც დამალა:

დახმარება ედო გულში,
სისხამზე რომ დგებოდა,
მაგრამ ბექას თავის ბარი
სახლში დავიწყებოდა..

პ ა ტ ა რ ა ფ ე ხ ბ უ რ თ ე ლ ე ბ ი

– გია, გესმის?
მე ვარ მესხი,
შენს კარს ბურთით
თავს დავესხმი.
დამხვდი თუ ხარ
კარგი მცველი,
ვეღარ გიხსნის
კარის ძელი!
–ეგ ტრაბახი
არ გიშველის,
მეკარე ვარ
უძლეველი.
კარში თუ დგას
კოტრიკაძე,
გატანაა
ბურთის ძნელი.

თ ო ვ ლ ი ს პ ა პ ა

შეხე, ბიჭო, რასა ჰგავს
ჩვენი თოვლის ბაბუა,
ციცხვის ხელა ცხვირი აქვს
და ღაბაბი ღაბუა.

გასდნობია მუცელი,
უჭირს ტვირთის ტარება,
ყინვამ თუ არ უშველა
სულ წყლად გაიპარება.

ბ ა ნ ა ო ბ ა

ელდარსა და ნანას
უყვართ ტანის ბანა,
პირსახოცი, წყალი,
თეთრი აბაზანა.

სკუპი, სკუპი, სკუპი,
და–ძმანია ტყუპი,
გაიხადეს ტანზე,
ატყდა ჭყაპა–ჭყუპი.

დ ღ ე ო ბ ა

ჩვენს მედიკოს დღეობაზე
მოუტანეს წკაპუნები,
სპილო, ძაღლი, ბაჭიები,
გრძელ–გრძელ ყურებ ტყაპუნები.

წ ი გ ნ ი

მამამ წიგნი მიყიდა
კოხტა, წითელ ყდიანი,
გაუხსნელი, კეწკეწა,
ფურცლებთაბახიანი.

შიგ ხატია ბეკეკა
და შვლის ნუკრი ლამაზი,
მილოცავენ საჩუქარს
თამაზი და რამაზი.

ს ი მ ღ ე რ ა

პატარებს რომ აწვალებ
მიტომ მოგხვდა მუშტიო,
ხომ გაგიხდა ეგ ცხვირი
როგორც საპნის ბუშტიო:
ზოგჯერ შენც გაგამწარებს
თურმე შენზე სუსტიო.

ბ უ რ თ ი

ბებომ ბურთი მაჩუქა
ჭრელია და ხტუნია,
ფეხს თუ გაჰკრავ, მიფრინავს,
მოიარა დუნია,
მარიკაც კი მოხიბლა
ბუტია და წუნია!

ჭ ი რ ვ ე უ ლ ი

როგორ არა გრცხვენია,
აღარა ხარ პატარა,
რატომ შარვალს არ იცვამ,
დატანტალებ ტანტალა?

თ ო ჯ ი ნ ა

ასკინკილა,
კინკილა,
დღეს შაბათი,
ხვალ კვირა,
ხვალ კინოში
მიდიან
დედა, მამა
და ცირა.
წამოიყვანს თოჯინას,
ერთადა აქვთ სავალი,
თოჯინასაც უნახავს
კინოფილმი მრავალი.

მ ა ღ ვ ი ძ ა რ ა

წიკ-წიკ, წიკ-წიკ,
წიკწიკებს
მაღვიძარა წიკწიკა,
მოდის ძილის ბურანში
მარიკელა ტიკტიკა.

დილით ზარის წკრიალი
ჩაესმება ყურში,
თვალს გაახელს: მამიკო
მიდის სამსახურში

ც უ გ ო ს ბ ა ნ ა ო ბ ა

დადექ, ცუგო,
ყუჩი, ყუჩი,
მოიბანე
საპნით ტუჩი,
ჭუპა-ჭუპა,
აბა განი,
დათვი მჭლე და
შენ მსუქანი.

ჯ ი მ ი

თეთრად უელავს კბილები,
შავია, როგორც ნახშირი,
ჯიმია – ზანგის ბიჭუნა,
რახშირი თმა აქვს, რა ხშირი

პ ი რ ვ ე ლ ი მ ა ი ს ი

ჰაერს ამკობს კვირტების
სუნი გასაკვირველი,
როგორც იყო გვეწვია
ეს მაისის პირველიც.

მოედნებზე ბავშვების
მხიარული ხმა ისმის.
იკისკისეთ, თქვენია
ეს პირველი მაისი.

ხ ი ჭ ვ ი

რა ყოფილა
ფეხში ხიჭვი!
მაღრიალა
მწარედ ბიჭი,
მიჭირს
სწორედ სიარული,
აღარა ვარ
მხიარული.

მ ე ვ ი ღ ა ს ი ვ ა რ

გუშინ დილით ჭამის დროს
წამეჩხუბა ძამიკო:
ორნივ ჩემებიაო
დედიკოც და მამიკოც!

– დაუთმეო პატარას,–
დაეთანხმა დედიკო,
უკვე დიდი გოგო ხარ,
სჯობს დამშვიდდე, მხნედ იყო.

გამამტყუნეს ძალითა,
დახეთ ბედმა რა მიყო?
–დედა მართალს ამბობსო!
მათ მიემხრო მამიკოც.

პ ა პ ა დ ა ტ ე ლ ე ვ ი ზ ო რ ი

ნეტავ ეს ტელევიზორი
რა ჯადოსნური ყუთია:
ხან ერთი კაცი ზის შიგა,
ხან ერთად–ბარე ხუთია.
ხან ლექსებს ამბობს,
ხან მღერის,
არ ცხრება ერთი წუთითა,
შიგ მოჩანს მთელი ქვეყანა
თავის ცხვარ–ძროხა გუთნითა,
გავოცებულვარ მოხუცი
ამ პაწაწინა ყუთითა.

ტ კ ბ ი ლ ე უ ლ ი ს ქ უ რ დ ი

თეა სიკოს აფრთხილებს:
მომისმინე, ძამია:
თუ არ გინდა შეგარქვან
ტკბილეულისჭამია,
ბებოს ნუგბარს ნუ ჰპარავ
ყოველ დღე და ცისმარე,
რასაც თვითონ მოგკერძავს
აიღე და იკმარე.

ჩ ხ უ ბ ი

წაეჩხუბნენ ერთმანეთს
ჭუჭული და წიწილი,
მაღლა ხეზე ყვანჩალა
იგუდება სიცილით.

ბ ა კ უ რ ი

ბაკურს ჯერ არ უნახავს
ცხოველები სხვადასხვა,
სპილო მომცრო ჰგონია,
თაგვი ცურავს ზღვადაზღვა,
ხეზე ცხოვრობს ვეშაპი,
სოროშია ცხენი,
თუ სიმართლეს ეტყვიან
იმრიზება წყენით.

მ კ ვ ე ხ ა რ ა ო მ ა რ ი

თორმეტი წლის ომარი
პატარებში ჩამჯდარა,
მამაცობას იკვეხნის,
ენა აატარტალა:
“შევეჯიბრეთ ერთმანეთს
მე და ის მეზღვაური,
მღელვარე ზღვა უშიშრად
გადავცურეთ მკლავურით.
შუამდე რომ მივედით
ბრძოლის ეშხიც ვიგემეთ,
ჯიქურ გადავეყარეთ
უზარმაზარ ზვიგენებს”. .
ბინდში მურა გამოჩნდა
ყურებჩამოშვებული,
ომარს უმალ წაერთვა
მამაცობა ქებული.
“ვაი დედი მგელიო!”
აღრიალდა ტრაბახა,
სახლისაკენ მოკურცხლა,
შიშმა ააცახცახა.
თურმე ურცხვად სცრუობდა,
თმახუჭუჭა ომარი,
მთელმა ეზომ გაიგო
მატყუარა რომ არი.

შ ე ჯ ი ბ რ ე ბ ა

შეეჯიბრნენ ერთმანეთს
იამზე და ლელა
ვინ გაასწრებს სირბილში,
აბა დელი–დელა.

უ კ ვ ე დ ი დ ი ქ ა ლ ი ა

უკვე დიდი არის ანა,
უკვე დიდი ქალია,
საუზმეზე სხვების ჯინით
სამი ჩაი დალია.

დედის კაბის სახელოში
გაუყარა ხელები
და ოთახში დაფრატუნებს
მამის ფეხსაცმელებით.

ხ ე ლ მ ა რ ჯ ვ ე

ნიკოსთანა ხელმარჯვეს
მთელ სოფელშიც ვერ ნახავთ,
იმ გრძელ ძელებს რომ თლიდა
მაშინ უნდა გენახა!

ოჩოფეხა გამოსჭრა,
რა ბიჭია, რა ბიჭი,
სხვის ათ ნაბიჯს ედრება
მისი ერთი ნაბიჯი.

გამოუყვა ორღობეს,
დაესივნენ ძაღლები,
მაგრამ ვერა სწვდებიან:
ფეხები აქვს მაღლები.

ზ ღ ვ ა

ლურჯი წყალი,
ბევრი წყალი
წელს პირველად ვნახე,
თბილ ტალღებში ვიცურავე
მზემ დამიწვა სახე,
ზღვისა და მზის სიყვარული
გულში ჩავისახე.

პ ა ტ ა რ ა მ ე ო მ ა რ ი

ერთი, ორი,
სამი,
შემომხედე,
მამი,
მეომარი
მე ვარ,
მტრის ტანკი კი–
სკამი.
ბურთი–ხელყუმბარა,
ჩავუსაფრდეთ ჩქარა,
ვტყორცნოთ! –
სარკმელს მოხვდა,
მინა გაიბზარა.

წ ი გ ნ ი ს თ ა რ ო

ჩვენო ტკბილო წიგნის თარო,
პატარების მეგობარო,
მალე ანბანს შევისწავლით
და შენ უნდა დაგვეხმარო.
კოხტა, ლექსით, ტკბილი ზღაპრით,
გული უნდა გაგვიხარო,
შენ ხარ ჩვენი ოცნებების,
სიკეთის და ცოდნის წყარო.

ა ხ ა ლ ი წ ე ლ ი

გაიღვიძეთ, მარეხ, ელდარ,
ზურა, ზეზვა, მზია, ნელი,
ახალი წლის დღე გათენდა
გაპარულა ძველი წელი.

მოგილოცავთ, გოზინაყით,
ჩურჩხელებით, თაფლით, ხილით,
მურაბებით, ყურძნის ჯაგნით,
ნამცხვრებით და ლეღვის ჩირით.

გაიღვიძეთ და ჩამწკრივდით
საახალწლო ხონჩის გვერდით,
ასე ტკბილად, ასე ტკბილად,
ასე ტკბილად დაგვიბერდით.

ა ნ ი

ჯერ ფეხზედაც ვერა დგება,
პატარაა ჩვენი ანი,
მაგრამ უკვე შეიყვარა
საპონი და პირსაბანი.

პ ა ტ ა რ ა კ ო ს მ ო ნ ა ვ ტ ე ბ ი

მიჰქრის, მიჰქრის, ვარსკვლავმფრენი,
ჩვენი ფიქრიც მიჰქრის,
მარსის ცაში შევიჭრებით
უსწრაფესად ისრის.

შეგვხვდებიან მარსელები
შუშხუნების ნისლით,
ერთურთისკენ ყვავილების
თაიგულებს ვისვრით.

ლ ა ხ ტ ი

აბა, ლახტი ვითამაშოთ,
წრე დავხაზოთ განიერი,
წელს ქამრები შემოვიხსნათ,
აბა ბიჭო ჰერი, ჰერი.

ახურება თუ არ გინდათ,
თვალის დევნა უნდა ფხიზლად,
გამარჯვებულს ქამრით ხელში
არ ეყოფით თქვენ საქირდლად.

წრის პირს, ქამრის სათავესთან,
ფეხი უნდა წინ ჩაუდგათ,
თუ არ გინდათ ქამრით ცემა,
მარჯვე უნდა იყოთ მუდამ.

ჯ ი უ ტ ი

რად არ ფიქრობ, იქნებ დედას
უშენობით მოეწყინა,
მინდორ–ტყეში რომ დარბიხარ,
გაიხსენე შენი ბინაც.

ჩიტმაც იცის თავის ბუდე,
ტყეში ბუნაგს იგებს დათვი,
თავის სკაში სძინავს ფუტკარს,
შენ რადა ხარ უჯიათი?

რატომ უნდა გძებნოს დედამ
ხან შარაზე, ხან ვენახში,
ბინდ–ბუნდი რომ ჩამოწვება
შენი ფეხით მიდი სახლში.

ჩ ვ ე ნ ი მ ხ ა რ ე

ჩვენს მხარეში ბავშვის გული
ზამთარშიაც ხალისს გრძნობს,
წარმტაცია გაზაფხული,
იანვარიც მაისობს.

მაღლა მთებში რომ ჩამოთოვს,
წვიმა მოვა ბარადა,
ნაადრევი ყვავილები
დაწყობილან ჯარადა

ზ ღ ა პ რ ე ბ ი

როცა ძილი წამიღებს
ნაირფერი აფრებით,
მეწვევიან გმირები
ჩემი ბებოს ზღაპრების:

რქა–ქორბუდა ირმები,
ეკლიანი ზღარბები,
ნაზი ლოკოკინები –
ზურგზე ადგათ სახლები.

მხოლოდ ერთი მაკვირვებს
დილით როცა ავდგები:
სასურველო სტუმრებო,
ძილთან ერთად რად ქრებით.

თ ხ უ პ ნ ი ა

სულ დასვარა ირგვლივ სუფრა,
არ ბეზრდება მთქნარება,
ვერ იქნა, ვერ დაეუფლა
დანა–ჩანგლის ხმარებას.

წ ი ნ დ ა

–ჩემო ბებო,
ამ მატყლიდან
მომიქსოვე
თეთრი წინდა.
–წელსაც თოვლი
თუ არ მოვა,
თბილი წინდა
რაღად გინდა?

დ ე დ ა ს ე ხ მ ა რ ე ბ ა

რას აკეთებს თვალმაისა
აწრიალებულია?
სახლი კოხტად დაალაგა
დაწკრიალებულია,
დედიკოსაც, მამიკოსაც,
გაუხარა გულია.

ჩ ე მ პ ი ო ნ ი

დიდი გოგრით რომ ვვარჯიშობ
ეს გაშფოთებთ ყველას მგონი,
საყვარლებო, ნურას შიშობთ
უნდა გავხდე ჩემპიონი.

შ ა რ ი

ძმას მჯიღები დაუშინა
როგორც დადგა დილაო:
–აღარ გახსოვს, სიზმარში რომ
გამაწანი სილაო?

დ ა მ ა ლ ო ბ ა ნ ა

დედამ უთხრა ზურიკოს:
მე დავხუჭავ თვალებს,
თან ხუთამდე დავითვლი,
შენ კი დაიმალე.

გაეშურა ბანცალით
–ერთი, ორი, სამი. . .
ტახტქვეშ მარდად შებობღდა,
გაიტრუნა წამით.

ხედავს დედა: კედელთან
ფეხი უჩანს ზურას.
–არ გამთქვაო – ანიშნებს
აბეზარა მურას.

დედამ დიდხანს ეძება
აარიდა თვალი,
ვითომ ვეღარ მიაგნო
აერია კვალი.

სიხარულით ბიჭუნამ
ვეღარ მოითმინა,
მიატოვა თავისი
სამალავი ბინა.

გამოგორდა კინაღამ
ფისოც გადაჭყლიტა,
თან სიცილით ამბობს:
–დედა, ჭიტა! ჭიტა!

აბა ახლა ზურიკო,
შენ დახუჭე თვალები,
დაითვალე ხუთამდე,
მე კი დავიმალები.

ზურამ ტახტს მიაშურა
ვერვინ ნახა ბნელში,
კარადის ქვეშ რეზინის
ბურთი შერჩა ხელში.

შეაჯერა ოთახი
წამს ჩაფიქრდა ბავშვი,
შემდეგ დიდი იმედით
ჩაიხედა ქვაბშიც.

შეიჭყიტა კარსუკან,
ჭერშიც აიხედა.
კოკაშიც და ქილაშიც
ვერ იპოვა დედა.

ამან ძალზედ შეაკრთო
გამოვარდა გარეთ,
შიშნაჭამი ბიჭუნა
აზლუქუნდა მწარედ.

–რა გატირებს, აქა ვარ,
შეგეშინდა განა?
დედა შვილს მიეფერა
ხელში აიყვანა.

თურმე დედას დამალვა
არც ჰქონია გულში
ფეხაკრებით, უჩუმრად
დაჰყვებოდა ზურგში.

ეს ამბავი ზურიკოს
გაუკვირდა ისე,
რომ ტირილის სანაცვლოდ
აკისკისდა მყისვე.

ნ ა დ ი რ ო ბ ა

ენკი-ბენკი სიკლისა,
გოჩა დინჯად ითვლისა
შენ მწევარი იქნები,
მე ირემი იმ მთისა.

მონადირე –ნუგზარი
შურდულს მარჯვედ ისვრისა
დამედევნეთ ცხენითა
მივაშურებ ტყის პირსა,

დაქანცული, დაღლილი
ჩავიჩოქებ ხის ძირსა,
დამიჭირეთ ხელითა
ენკი-ბენკი, სიკლისა.

ს ა რ კ ე

სოსო მძიმე
საკითხს არკვევს:
როგორ შექმნეს
ნეტავ სარკე?

ასე თხელი,
ასე ბრტეყელი,
შიგ თავსდება
ყველაფერი:

მაგიდა და კოხტა სუფრა
კარადა თუ ჩაიდანი,
ბებო,ვაჟა,
დედა, ტასო,
ყველაფერი
შიგ მოჩანსო?

ბ ა ლ ი

“ბალი წვერში მწარდებაო”
წაიკითხა წიგნში რეზომ,
შემოწმება გადაწყვიტა
გადირბინა ფირცხლათ ეზო.

მარდად აძვრა ხის წვეროზე,
მოუჭირა ნაყოფს კბილი,
მაგრამ, ჰოი საოცრებავ,
ბალი იყო ტკბილზე ტკბილი.

ნ ა ძ ვ ი ს ხ ე

უღრან ტყეში მზრუნველობით
გზრდიდა წელი ძველი,
რომ გვახარო საჩუქრებით
დღეს ახალი წელი.

შენ ხომ ჩვენი ოცნება ხარ
სანეტარო სიზმარი,
ასე ძლიერ, ასე ძლიერ,
რად გვიყვარხარ გვითხარი?

მ ე ც მ ი ყ ვ ა რ ს ჩ ე მ ი ქ ვ ე ყ ა ნ ა

დათვს უყვარს თავის ბუნაგი,
არწივს კლდის მიუვალობა,
ჯიხვს Mმთა ზურმუხტით მოსილი,
ბულბულს კი ვარდზე გალობა.

მეც მიყვარს ჩემი ქვეყანა,
მისი ხევი და ჩანჩქერი,
ზაფხულის სიცხე თაკარა
და მისი ზამთრის ნამქერი.

ს ო ფ ე ლ ი

მალე სოფელს ვეწვევი,
გავერევი ტოლებში,
ვიბანავებ რიყეზე,
დაგუბებულ მორევში,
სისხამ დილით ბიძაშვილს
თან გავყვები ხბორებში.

ბ ი ძ ი ა შ ო თ ა ს

ტარიელ მქვია სახელად,
ვარ დედისა და მამისა
საროსა მჯობნი ვიზრდები
მსგავსი მზისა და მთვარისა.

წყლისპირზე ხშირად ვთამაშობ,
მაცვია კაბა–ჯუბები,
ტირილიც მიყვარს ძალიან
ნესტანს რომ წავეჩხუბები.

მისი რა გითხრა, ნესტანი
დიდი აჯილღა რამ არი,
ჩემზე რამდენჯერ აქეზა
მეზობლის გოგო თამარი.

ანბანი იცის, კედლებზე
სულ თავის სახელს ჯღაბნისა,
ბევრჯერ წამკიდა ბიჭები,
თუმცა ვერავინ მჯაბნისა

ო მ ო ბ ა ნ ა

კუ-ტანკი ჯავშანმაგარი,
არწივი თვითმფრინავია,
მე და შენ მეზღვაურები,
ლოქო წყალქვეშა ნავია.

ჯარ-იარაღი ამგვარი
არვის ჰყოლია აროდეს,
ჩვენ გავიმარჯვებთ, მტრის გულზე
ბალახ-ბულახი ხარობდეს.

ა ბ ე ზ ა რ ი დ ა პ ა პ ა

შენი კაბის ნიავქარი
შრიალა და ფრიალა
ნუ ხარ ასე აბეზარი
მარიკელა ცქრიალა.

მე შენს თვალში–სათამაშო,
სალაღობო ჩხრიალა,
მოსვენებას რად არ მაცლი,
კაცი ვარ თუ ბზრიალა,

საძინებლად წამოვწექი
გასართობათ კი არა,
მოთმინებას ხომ აქვს ზღვარი,
გოგოვ, თვალებბრიალა?

ს ი ც ი ლ ი

ბოჩოლამ იცის ბღავილი
ნაგაზმა–ყეფა-წკმუტუნი,
ფისომ-წვრილი ხმით კნავილი,
ღორმა-ღორული ღრუტუნი,

მგელმა-ყმუილი, ლომმა კი
ღრიალი გულის მზარავი,
მაგრამ სიცილი ჩემს გარდა
არავინ იცის, არავინ!

მ ხ ა ტ ვ ა რ ი

ხუტამ მითხრა:
–ხატვა ვიცი,
ვიცი ფანქრის ხმარება!
დამიხატა
ვითომ კვიცი,
ქებაც არ ეზარება?!
ცალი ფეხით
კოჭლი არის,
ყური ზურგზე აბია.
–კვიცი არის,
სახედარი,
თუ კურდღელი ნაბია?
–გინდა ჟირაფს
დაგიხატავ,
ხალებიანს, კისერას?
დახატა და
დავრჩი სახტად.
–ჟირაფია?
ისე რა . . .

თ ა ვ ნ ე ბ ა

მეგობრებო ჩვენს ნატოზე
რაღაცა მაქვს სათქმელი:
უცნაური გოგონაა,
ეჯავრება საჭმელი.

გააწვალა დედა, მამა,
ენატკბილი ბებია,
მასზედ ზრუნვით თავის თავი
ყველას დავიწყებია.

წუნიაა საშინელი,
გათენდება თუ არა,
სახლში გვიან საღამომდე
ისმის ხვეწნა-მუდარა:

სინჯე ცოტა ჩახოხბილი,
მე არ მიყვარს ქათამი,
მეჯავრება კარტოფილი,
გესმით ჩემი ნათქვამი?

არ სურს ხარჩო, აღარც ფლავი,
მოაბეზრა ყველას თავი,
დაიწუნა ტაფამწვარიც,
რა აქვთ მასთან სახვეწარი?

რად წვალობენ, რისთვის, რატომ?
მიატოვონ სახლში მარტო,
ჰოდა მაშინ იქნებ ნატოს
ცივი მჭადიც მოენატროს.

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი ს ს ი მ ღ ე რ ა

ყი-ყი, ყი-ყი, ყი-ყიო,
მთვრალ-ბარბაცა იხვიო,
ნეტა რას გვინისკარტებს
ვახვახა და ბრიყვიო.

ყუა-ყუა-ყუაო,
იხვს ვინ მისცა ჭკუაო,
ბატისტვინა ყვინჩილის
ქებამ გააბრუაო.

მ ს უ ნ ა გ ი ღ ო რ ი

ერთხელ ბებერ პანტასთან,
სად იყო და სად არა,
სქელი დინგით ღრუტუნამ
დიდი ორმო გათხარა.
თან ზევიდან სიფრთხილით
ფიჩხი გადააყარა.
გაუმზადა ხაფანგი
ბურდღუნია დათუნას,
მერე სიხარულისგან
გადავიდა ათურმას.
თუმც ხე იყო ბებერი,
დახავსდა და დაობდა.
ღორი პანტას ჩემობდა,
დათვიც იმას დაობდა.
ჩაიმალა ჩირგვებში,
ღრუტუნია ცბიერი
შუადღისას დათუნა
მობაჯბაჯდა მშიერი
ჯერ პანტაზე ავიდა
თავის დიდი თავითა,
დაარხია, დასცვივდა
პანტა სეტყვასავითა.
ამის მნახველ ღრუტუნას
მოთმინებამ უმტყუნა.
საფარიდან გავარდა
პანტას ეცა ხარბადა,
სიმსუნაგემ დაღუპა,
უნდა გითხრათ მართალი
თავის გათხრილ ორმოში
მოადინა ზღართანი.
ისევ დათვს შეებრალა
ჯურღმულის ტყვე საწყალი
და მოჰქონდა ღორისთვის
ხან საჭმელი ხან წყალი.

href=”https://bundovani.files.wordpress.com/2013/04/166940_375088392502630_260174332_n.jpg”&gt;166940_375088392502630_260174332_n

316942_306607382684065_1794855667_n

f5c67060ecbe

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s