Just another WordPress.com site

პლეხანოვური საახალწლო მოგონებებიდან…

 

46-ე ახალ წელს ვეგებები!

არც ბებერი ვარ, არც ახალგაზრდა…
მაგრამ სული არ ბერდება! სხეული ცვდება და მტვერივით იფანტება დრო და დრო…
ჩემი ბავშვობის ახალი წლები სულ სხვა იყო! ვერც კი შევადარებ ახლანდელს!
პლეხანოვზე დავიბადე და გავიზარდე, შუაგულ პლეხანოვზე, 107 ნომერში, არტოს ბაღის გვერდით ეზოში! ჩემს ეზოს არტოს ბაღისგან ერთი დიდი ხის ალაყაფის კარები ყოფდა. მთელი ეზო ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით! ერთად ვსადილობდით, ერთად ვსაუზმობდით… ყველა დღესასწაულს ერთად ვზეიმობდით! მეზობლის სტუმარი ჩვენი სტუმარიც იყო და პირიქით.
მახსოვს, სულ თოვლი იდო ქალაქში, 31 დეკემბრობით! ეს გაყვა წარსულს კაიხანია… სულ მენატრება ახალი წლის ღამით თოვა. მაგრამ თოვა თმებზე მედება ნელ-ნელა და არა ქუჩებზე…
სამწუხაროა.
ჩემი ბავშვობის დეკემბრების და იანვრების სუნიც კი მახსოვს! სულ სხვა სუნი იყო ის… უსმოგო, სუფთა, ანკარა…
ჩემები ლოჯში მიდგავდნენ ფუმფულა ნაძვის ხეს. დიდი, პენოპლასტის თოვლის ბაბუა მიყიდა პაპამ, 1 მეტრიანი სიმაღლის! შიგნიდან ფუღურო იყო და იმის ქვეშ ვიმალებოდი ხოლმე და ასე ველოდი ღამის 12 საათის მოახლოებას! პაპაჩემმა მექანიკური სატრიალო გამიკეთა და ნაძვის ხე ბალერინასავით ტრიალებდა და ცეკვავდა. სულ შუშის, ნაირ-ნაირი, ლაპლაპა სათამაშოები… დილაობით საწოლთან აუცილებლად თოვლის პაპას საჩუქარი მხვდებოდა… გავიხედავდი ფანჯარაში და სახლის წინ, თოვლიან ეზოში, დიდი ნაფეხურები ჩანდა (რომლებსაც თურმე პაპაჩემი საგანგებოდ მიხატავდა თოვლზე, რომ დილას დამენახა და მერწმუნა – აი, თოვლის პაპა იყო მოსულიო…)
ახლა პაპაც ვარ უკვე და მე აქეთ მიწევს მსგავს რამეებზე ზრუნვა, თუმცა თოვლი არა და არ ჩანს… :))
დიდი ბებო, მარიამი, აუცილებლად პირველი მაღვიძებდა, 1 იანვარს დილით, შებლზე გადამისვავდა თავის დანაოჭებულ ხელს და მერე ზედ მაკოცებდა. პენსიიდან გადანახულ 25 მანეთიანს შემომიცურებდა საბნის ქვეშ და თავისი იშვიათად დამტკბარი ხმით დამლოცავდა…
ისეთი სიხარული და მოლოდინი სუფევდა, ახალი წლის, რომელსაც დიდი ბედნიერება, იმედების და სურვილების ახდენა და მთელი წლით პოზიტივი უნდა მოეტანა… სულ სტუმრიანობა გვქონდა მთელი თვე!
ჩემი ბავშვობის ახალი წლები სულ სხვა იყო!
ჩემი ბავშვობის პლეხანოვიც სულ სხვა…
მეც სულ სხვა ვიყავი ჩემს ბავშვობაში…
გაქრა, წავიდა, გაიპარა… რაც გინახავს ვეღარ ნახავო, ნათქვამია და ასეცაა! მაგრამ დღესაც, ამ ჭარმაგი გადმოსახედიდან, სულის და გულის სიღრმეში, სადღაც, მიკუნჭულად ისევ ის ბავშვი ვარ, პლეხანოველი, ბედნიერი, ლაღი… ამას ვერაფერი წაშლის, ვერ გააქრობს!
სად იფანტება წარსული, როგორც ფოთოლთცვენა? სად მიდიან წლების იალქნები, საით მიილტვიან, ან რატომ? რისთვის?…
46-ე ახალ წელს ვეგებები, 46 ათასჯერ მინდა დაგლოცოთ და მოგილოცოთ ყველას დამდეგი შობა-ახალი წელი! ყველა თქვენი სურვილი და ნატვრა აგსრულებოდეთ, ამინ! ამას, ჩემგან, ახლაც ის ბავშვი გისურვებთ, ის პლეხანოველი, არტოს ბაღში გაზრდილი და იქ ფეხშიშველა მორბენალი… ))

30.12.2015.
მორჩილი გიორგი

 

 

ევი, გამონაკლისის სახით! :))) )

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s