Just another WordPress.com site

საკრალური სინერგია

ფერთა-კვეთა, სხივთა დაშლა და ჰაერთა ჰერალდიკა
ერთადერთი, ფიქრთა წაშლა, მონაფერი ეგზოტიკა…
არნახული-დანახულით დანალექი სიო შთება
ჩუმი ჩქამი, ჩამი-ჩუმით ნაკადულთა სარკეს სწყდება!

იგვირისტებს მეწამულად დაკოკრილი იის სევდა,
მე მით ვტკბები, მით ვივსები, მიქარწყლდება მრუმე ელდა;
და ფიფქებით ნაფეთქები თეთრადკლული ზვავის ზარი,
ბორგვა-ფორთხვით გადაფარავს, დამეხშობა ხედვის კარი.

სად სათუთად ისუსება შორ ხანძრების მწველი კერა,
სად სალმუნად მეფერება ამორძალთა მფრთხალი მზერა…
იქ მივიწევ, პოეზიით ვაფსალმუნებ სულის ხრიოკს,
ვემსგავსები ასკეზაში გამობრძმედილ მაშვრალ ინოკს…

და პეპლების და ნექტრების ჟრიამულში ვნათლავ ტკივილს,
ჩემი განცდა-მწუხარება ზეცისაკენ კრძალვით ივლის…
ტკბილ ფუტკრების ზუზუნია! ზანზარია სალ კლდეების!,
მენატრება ჰარმონია სხივთმონაფერ სახეების.

— ცრემლთა ნამი, ვით ცუნამი, თვალებიდან მორწყავს ფრესკებს
მე კი ერთი უმეცარი, შემოგწირავ ამ კნინ ლექსებს!..

( 03.08.2016. გუდაური,
მორჩილი გიორგი )

მე ვარ ჯალათი, მათრახით ხელში!

ეს მე გაგეცი!
ეს მე გაგყიდე!
მე ვარ იუდაც!
მე ვარ პილატეც!
იმ რომაელთა სისხლიც ჩემშია!
იმ მღვდელმთავართა ჯიშიც ჩემშია!
სულს ვერაფერი ვეღარ მინათებს!
ფარისეველთა ფლიდი ხითხითიც!
ვინც იოანეს თავი მოკვეთა!
ვინც განგიკითხა და შეურაწგყო!
ყველა იმათი ცოდვაც ჩემშია!
ყველა სამსჭვალი მე გივნე ხორცში!
მახვილით ფერდიც მე განგიგმირე!
მე ვდევნე ყველა შენი მოწაფე!
მე ჩამოგაცვი ეკალიც თავზე!
ჩემზეა ყველა სიმძიმე მათი!
ვარ ჯოჯოხეთით პირთამდე სავსე!
მე ვარ ჯალათი, მათრახით ხელში!
მე ვარ მფლეთავი შენი ხორცისა!
და ვერ შემსმენი შენი სიტყვისა!!..
– მე ვერ გიცანი, ვერ შეგიცანი!
ვერ აღვასრულე ვერცერთი მცნება!
ვერ გიერთგულე, ვერ გემსახურე!
წყალს გავატანე ღვთიური ნება!
ბევრჯერ დაგცინე!
ბევრჯერ დაგნერწყვე!
და რაოდენჯერ გაგარტყი ხელი!
არც შევინანე!
არც გავიაზრე!
რომ შენ, უფალი იყავი, ელი!..
ო, რა მძიმეა ახლა წუხილი,
რა უაზროა უშენოდ შთენა!
რომ ორიათას წელზე მეტია,
რაც განუწყვეტლივ გეძებ და ვღელავ!
მაგრამ მე ვიცი ერთი სიმართლე!
ერთი სიმშვიდე!
ერთი სიწრფელე!
შენ ჩემთვის ლოცვა ღმერთს შეავედრე,
და დაითმინე ჩემგან ყოველი…
ყველა სინაგვე, ყველა სიგველე!
ყველა ჯალათი შენ მოსპე ჩემში!
მოსპე პილატეც, მოსპე იუდაც!
– შენ, მაცხოვარო, მოთმენით მზიდავ,
მაინც გიყვარვარ, შენი ჯვარმცმელი…
მე კი ცრემლთ ნაცვლად დღეს მომდის სისხლი,
სისხლი უწონად შვების აღმთქმელი!
დღეს ის მახვილიც ჩემშია უკვე,
დღეს ის სამსჭვალნიც ხელ-ფეხს მიკვეთავს…
და მოტევების, და შეწყალების
ულევ ვედრებით ვემხობი მიწად!..
შენს ნატერფალებს ვეძებ ტალახში,
ო, იეშუა, მხოლოდ დღეს გიცან!..

29.04.2016. წითელი პარასკევი.
(მორჩილი გიორგი)

პეიზაჟი

ამოიფურჩქნა, ამოიფრქვა, მზეებრ, ეს სუნთქვა,
სხივთამოფენით, გაზაფხულმა, აწვიმა ლოცვა,
ქარების ამბორს, დამაქცევარს, მაგრამ ვნებიანს,
მე მირჩევნია იაგუნდთა გმირული ხოცვა.

მე ვუდარაჯებ, რახანია, ტყვედშთენილ სითბოს,
სითბოს და სევდას, მიმოქარგულს ხსოვნის კედლებზე…
და შემოვდივარ, მუხლმოყრილი, მონაზონივით,
და ვიხატები, ფრესკებივით, შენს მკრთალ ხელებზე.

სად კვამლის ტევრში, სად მოქანცულ, მკვდარ მიმოზებში,
დაკარგავ მრავლად, იავარქმნილ უმანკოებას…
პილიგრიმს ვგავარ, გადასერილს, დანთქმულს ქვესკნელად,
მღვიმის სიცივეს, სიმარტოვეს, ცვეთილ დროებას.

ხანდაზმულ ყოფას ქედს მოვუხრი საზარ კივილში…
მე კენტად გეტრფი, ამ ლექსების იდუმალ თრთოლვით;
ეს მარტიც კვდება, უსაშველოდ დამზრალი ქროლვით,
ეს ფიქრიც იწვის საუკუნოდ მარტვილ სინდისში.

აყვავილდება, ამოსკდება, მზეებრ, ეს სუნთქვაც,
ცისსარტყელებით, გაზაფხული, ლოცვებით მოწვიმს.
ქარების ამბორს, დამაქცევარს, სატრფოთა ხვედრის
მე შევადარებ იაგუნდთა ათასფერ ქორწილს.

მორჩილი გიორგი
22.03.2016. 13 სთ. 50 წთ.

სადაა სისხლი ბროლისფერ თოვლის?

მასწავლე, როგორ გაგითავისო?
მასწავლე, როგორ შეგისისხლხორცო?
როგორ განგიღო კარნი სულისა?
ცათამპყრობელო!
ქვესკნელთმძლეველო!
შენ, მასწავლელო, სინანულისა!..
არსით სპეტაკო, ცისკრის ლერწამო,
გზაო გოლგოთის, გეზო ვარსკვლავთა!
იმ ბეთლემიდან ბაგით მოსულო,
ნაყოფო ღმერთის, ჭირნახულისა!
სისხლის შადრევნებს მოაქვთ განწმენდა,
შენს ფერდთა ტეხვას რომ მოჰყოლია…
რომ კრეტსაბმელის გადახსნისათვის,
მოდგმათა – მოდგმის გამოხსნისათვის,
მარიამს ეს ყრმა, თურმე ჰყოლია!
ესოდენ გვემა, ჩეხვა-წამება,
დასაბამიდან, რაბი, თან გდევდა!
გამოგვისყიდე ხორცით და სისხლით,
მაგრამ სადაა ჩვენი პასუხი?
ჩვენი ქედთა ხრა, ჩვენი მოქცევა…
კვლავ და კვლავ გტკეპნით
რისხვით თუ წიხლით,
შურით თუ ღვარძლით,
აზრით თუ ფიქრით!..
ამ გულში, ლახვრად, სამსჭვალნი შენნი,
მინდა ჩამესონ, იქნებ განმეხსნეს…
იქნებ მეტკინოს, იქნებ ვიწივლო,
იქნებ გლოვაში ამოვიზარდო,
ვით ვულკანიდან ახალი კლდენი!
და ბოლოს გკითხავ, მეუფევ ყოვლის,
– სადაა სისხლი ბროლისფერ თოვლის?
– სადაა ცრემლი ცისსარტყელების?
შენი ნაგვემი, მზრალი ხელების?!
შენი ნაფლეთი გულიდან – ლოცვის…
ჩემი ცოდვების, ულმობლად ხოცვის!!…
კვლავ შეგიმოსავ, კვლავ შეგივრდები,
რამდენჯერ ავდგე, ვარდნილი მძიმედ;
მაგ ჭრილობების შემყურე მარად –
მაგ სასწაულთა მრიცხველი მარად –
და დრო და ჟამის მიღმა არსობით,
დაუსრულებლად მოდის აღდგომა,
შენთან მყოფობით, შენთან მსგავსობით!..

(მორჩილი გიორგი. 25.04.2016.)

ბიოგრაფიული ეპიტაფია… (ვირთხა)

ოჯახი გყაავს? კი. კარგი სამსახური გააქვს? კი. დიდი სამეგობრო გყაავს? კი. ფული გააქვს სამყოფი? კი, და უფრო მეტიც! კარგი მანქანა გყაავს? სამი! კარგი სახლი და რემონტი? 5 სახლი, ევრო რემონტით, ბასეინ-ჯაკუზებით. მთავრობაში გყაავს ხალხი? კი. სამოგზაუროთ დადიხარ? მუდმივად, ნახევარი ევროპა მოვიარე. პრიზები, პრემიები? რამდენიც გინდა. ფესტივალები, კონკურსები? უხვად! ჯანმრთელობა? ქვასავით ვარ! სახლში გათბობა? საჰარა გეგონება! შვილები სად სწავლობენ? პატარა უმაგრეს, ყველაზე ძვირიან კერძო ლიცეუმში, უფროსი ინგლისში. ცოლი? ცოლი სახლშია, მაგას ვამუშავებ? 3 მოსამსახურე ემსახურება. სიდედრი, სიმამრი? მაგათ ცალკე სახლი ავუშენე, კონფორტული და მაგარი, ვაკეში! დედმამიშვილები? 3 ოჯახს ვინახავ! ადრე რომ გყავდა საყვარელი, ის გოგო სადაა? რაღა დროს ისაა შე კაცო? იმის მერე 17 მოვიცვალე, 8-ას სახლები და მანქანებიც ვაჩუქე! ბიზნესი რას შვება შენი? ბიზნესები!! ყვავის! სვაავ ისევ? რას ქვია ვსვავ? საჭირო და აუცილებელ ხალხთან, ყოველთვის! მშობლები? დედა დამეღუპა, მამა კარგადაა! დედას აკლდამა ავუშენე, წითელი მარმარილოთი და ყველაზე ძვირფასი ბაზალტით, ვერაზე ასვენია, შესასვლელთან!! კარგი მწვადი ბოლოს როდის ვჭამეთ, არც მახსოვს… ხომ არ შევიდეთ სადმე? შე კაცო, მაგარ მწვადს დღეში 2 ჯერ ვჭამ, უკვე ამომივიდა ყელშიც! ძმაკაცები? ძმაკაცები შემოვითხელე… ყველა რაღაცას მთხოვდა! ბოლო რა შენაძენი გააკეთე? იახტა და სკუტერი, მაგრამ უბრალო არ გეგონოს! შტატებიდან გამოვიწერე ორივე!..
უუუფ, მოკლედ მაგრად ხარ რა, ძმაო, გაგიმარჯოს რა შენი მარიფათით! აი საღოლ რა შენ! მთავრობები იცვლება, შენ კი იგივე ხარ მარად და მარად! შენ არაფერი არ გეხება რა! აი მალადეც რა, ჯიგარსონ!!
და შენ არაფერი არ უნდა მთხოვო ახლა??
არა…მე არა.
ხო, თუმცა, ერთი შეკითხვაც დამრჩა…
მერე მკითხე…
ღმერთი??
რაა?
ღმერთი, უფალი კაცო?
ვიინ?
ქრისტე თქო, ქრისტე?
ააა, იის, მაღლა როა და იქედან რომ იყურება?
ჰო, ჰო, ის თქო…
იმას 2 ეკლესია ავუშენე და მეტი რაღა ვქნა? არ ეყოფა?
და დადიხარ მაგ ეკლესიებში? ესწრები მსახურებებს?
რაას? რას ვესწრებიო??
კარგად იყავი, დაგღალე მგონი…
ფინალი:
— ის ხომ არ გინახავს? რაღაც დაიკარგა, არც ტელევიზიით ჩანს, არც პრესით…
ვინ?
ვინ და ის, კაცო, ჩვენი მეზობელი როა, აგერ, იმ სასახლის პატრონი…
ბატონი იაგო?
დიახ.
კი, სასახლის პატრონია, თანაც ყველაზე ძვირიანის!
ჰო, ეგ ვილა ასე 2 ლიმონი მაინც ეღირებოდა…
ეგ ვილა კი არა, მუხის სასახლეზე გეუბნები, მაგარი ჩუქურთმებით და ძვირფასი ქვებით!
რაა?
ჰო რა… 3 დღის წინ მაგ სასახლით მივუბრძანეთ დედამისს იმ აკლდამაში, ვერაზე.
უჰ… რას ამბობ კაცო? ეგ რა მითხარი? რატომ გამომეპარა…
რა შეემთხვა განა, საბრალოს??
ჯანზე და ხოშიანად იყო, 2 კვირის უკან კაიხანი ვისაუბრეთ…
არაფერიც არ შეემთხვა. მორიგ ჯიპს იცვლიდა და იქვე დარჩა ჯიპების მაღაზიაში. ინფარქტ!
უჰ, უჰ… აცხონოს უფალმა მისი სული! რა კაცი იყო? რა კაცი…
სად აცხონოს? იმ ეკლესიაში, ერთხელაც რომ არ შესულა შიგნით და იმას რომ აუშენა, მაღლიდან რომ იყურება?…..

გიორგი მორჩილი
(ბუნდოვანი)
29.02.2015.

განწირულია!

განწირულია ადამიანი, ადამიანად ყოფნაში
განწირულია!
განწირულია მიწაზე, ხალხში, ქვეყნებში
განწირულია!
განწირულია ოჯახში, სამსახურში, სამეზობლოში
განწირულია!
განწირულია ნათესავებში, ზეიმებში, პანაშვიდებში, დაკრძალვებში
განწირულია!
განწირულია ადამიანი სუფრებზე, გზებზე, სიზმრებში
განწირულია!
განწირულია იგი თავგანწირვაშიც
განწირულია!
განწირულია თავისუფლებაში, საპატიმროებში
განწირულია!
განწირულია თავდავიწყებაში, სიმთვრალეში, ნარკოტიკებში…
განწირულია!
განწირულია ადამიანი ფუსფუსში, ჯახირში, შრომაში
განწირულია!
განწირულია ის ყოველგან, მარად და ყოველმხრივ
განწირულია!
ის განწირულია საკუთარ თავში, ფიქრში, გენებში
განწირულია!
განწირულია საკუთარ სისხლში
განწირულია!
განწირულია დედამიწიდან-კოსმოსამდე და იმის იქეთაც
განწირულია!
განწირულია კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი
სიგიჟეში, სკლეროზში, სიმსივნეში, ყველა სენში…
განწირულია!
განწირულია ადამად შობაში, ემოციებში, ცრემლებში
განწირულია!
განწირულია ადამიანი ადამიანობაში, უადამიანობაში, სიბოროტეში, სიკეთეში
განწირულია!
განწირულია სიბერეში, დაბადებისას
განწირულია!
განწირულია ჯანმრთელობაში, ფულში, თანამდებობებში, სიღატაკეში
განწირულია!
განწირულია შვილებში, შვილიშვილებში, შვილთაშვილებში
განწირულია!
განწირულია იგი მტრებში, მოყვასებში
განწირულია!
განწირულია დედისგან, მამისგან, დედმამიშვილებისგან
განწირულია!
განწირულია ადამიანი ხელოვნებაში, სპორტში, მეცნიერებაში,
განწირულია ყველა პროფესიაში, მიდრეკილებებში, ხასიათებში, გატაცებებში…
განწირულია!
განწირულია სიკვდილში, საფლავში, გახრწნაში, ცოდვებში, მანკიერებებში
განწირულია!
განწირულია სუნთქვაში, ხველაში, ცემინებაში, ხროტინში
განწირულია!
ადამიანი განწირულია იქ სადაც თავადაა… იქ ყველგან
განწირულია!
სიმსუქნეში, სიგამხდრეში, გლახაკობაში
განწირულია!
თვითგანწირვასა და თვითგანადგურებაშიც
განწირულია!
თვითმკვლელობაში განწირულია!
მარტოობაში, კენტად ყოფაში, უაზრობაში
განწირულია!
განწირულია ადამიანი სამშობიაროში, პირველივე წუთისას, პირველი ჩასუნთქვისას
განწირულია!
განწირულია დედის მკერდის წოვაში
განწირულია!
განწირულია ვარსკვლავებში, პლანეტებში, მეტეორებში, მეტროებში
განწირულია!
ბაზრებში, მაღაზიებში, ბორდელებში, გამოფენებზე…
განწირულია!
განწირულია კაცი, ქალი – კატასტროფებში, კატაკლიზმებში, ომებში
განწირულია!
გამარჯვებებში, დაცემებში, წაგებებში, წარმატებებში
განწირულია!
განწირულია მოხვეჭაში, გაცემაში
განწირულია!
განწირულია სიყვარულში, სექსში, შთამომავლობაში
განწირულია!
განწირულია განათლებაში, უვიცობაში, უმეცრებაში
განწირულია!
განწირულია ხეიბრობაში, ინვალიდობაში, სიბრმავეში
განწირულია!
ადამიანი ყოველგან და მარად განწირულია!
ადამიანი სამარადჟამოდ განწირულია!
ბაგა-ბაღებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უმაღლესებში…
განწირულია!
ადამიანი ისტორიაში, ქრონიკებში, მატიანეში
განწირულია!
ადამიანი რელიგიებში, სისტემებში, სექტებში, მისტიკაში
განწირულია!
ადამიანი მაგიაში, ჯადოქრობაში, ჰიპნოზსა და მედიტაციაში…
განწირულია!
ადამიანი არარაობაში, სიცარიელეში, კოლაფსში, სტერეოტიპებში
განწირულია!
რეანიმაციებში, პროზექტურებში, ზოოპარკებში
განწირულია!
ადამიანი განწირვის სიმბოლოა!
რადგანაც ჩასახვიდანვე და ჩასახვამდეც განწირულია!
და მხოლოდ,
და ერთადერთში,
და უპირობოდ,
და აუხსნელად,
და გარანტიით…
და დაუსაბამოდ,
და უწარსულოდ,
და უმომავლოდ,
და აწმყოს გარეშე,
და დროის გარეშე…
ადამიანი ქრისტეშია განუწირავი!!!
ამინ!…

12.01.2016.
მორჩილი გიორგი

შესატირი…

ამ სიცრუის მორევში,
ამ სიყალბის პარპაშში,
ამ ღალატის და შურის
უსასრულო წანწალში…
როგორ გავძლო, ღმერთო?
ამ უგულო გარემოს,
ამ უსულო მყოობადს,
ამ საშინელ სახადებს
სადაც არსი ღაღადებს…
რით გავშორდე, ღმერთო?
ამ ბოროტის ზეიმთან,
ანგარების ტრიუმფთან,
ამ ცრურწმენის აღლუმში
და ხრწნილების სამუმში
რით ვიხარო, ღმერთო?
ამ დაცემის დროებას,
ამ წარწყმენდვის ეპოქას,
ამ წარმართულ სისავსეს,
რასაც გვამი ითავსებს…
რით ვუშველო, ღმერთო?
ამ კნინებულ სიმშვიდეს,
ამ სიმსივნურ მირაჟებს,
ამ ჭლექიან სიბრმავეს,
უმეცრების სიშავეს…
რა ვაპკურო, ღმერთო?
როცა მტკივა სხეული,
სისხლით ტკბება გრძნეული!..
ოფლში ცურავს არსება,
სინანულით არ ტკბება…
რა ვისწავლო, ღმერთო?
ყველა ირგვლივ დაგცინის,
ლიტონ გრძნობებს აფრქვევენ,
შენს შიგნეულს ანგრევენ,
ამ “შრომაში” შთებიან…
სად გავექცე, ღმერთო?
თავთან ომი ძნელია,
სინდისია მძევალი,
და შინაგან ტაძარში
კრთის ეს სული – მხევალი…
რა ვახმიო, ღმერთო?
მოდი ჩემთან უფალო,
შემიერთდი, მკურნალო,
შემირიგე ცოდვილი,
როგორც გზა, განტოტვილი,
როგორც შვილი უძღები,
ჩამიხუტე გულმტეხი…
შენ, მოძღვართა მოძღვარო,
შენ მსაჯულთა მსაჯულო,
შენ მშობელთა მშობელო,
გზაო, კარო მომხმელო…
მაზიარე, მიმიღე
გათოშილი მიმიხმე
დაგლეჯილი გამათბე
დალეწილი დამატკბე
და სინათლით ამანთე!..
ამ უმსგავსო სამყაროს
შუაგულში ლტოლვილი,
შენი რწმენით დამათვრე!..
ო, იესოვ, თეთრო…

მორჩილი გიორგი
04.02.2016.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s